ბოლო წლების განმავლობაში პოლიტიკური პატიმრები და პოლიტიკური სამსჯავროები ლამის ახალ სტანდარტად დამკვიდრდა. პოლიტიკური ანგარიშსწორების გამო "ქართულ ოცნებას" ციხეში ჰყავს გამოკეტილი მესამე პრეზდენტი. პოლიტიკურ პატიმრობაშია მთავარი არხის გენერალური დირექტორი და დამფუძნებელი ნიკა გვარამიაც. ნიკას დაპატიმრება საზოგადოების დიდმა ნაწილმა აღიქვა, როგორც თავისუფალი სიტყვის დაპატიმრება. მაგრამ აღმოჩნდა, რომ ხელისუფლებას კიდევ უფრო ვერაგი გეგმები ჰქონდა და თავად თავისუფალი სიტყვის გისოსებში გამოკეტვაც ჰქონია განზრაული. სხვაგვარად შეუძლებელია შეაფასო ის საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც უმრავლეობას მაუწყებელთა შესახებ კანონში შეაქვს და ცინიკურად ამას ევროპასთან დაახლოებით ხსნის.
ეს პაკეტი მაუწყებელს აძლევს სხვადასხვა სანქციების დაუყოვნებლივ აღსრულების ბერკეტს - ისე რომ რეალურად მედიასაშუალებას აპელაციის სივრცეს არ უტოვებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, კახა ბექაურის უწყებამ, რომლის გადაწყვეტილებებმაც არაერთ შემთხვევაში დატოვა პოლიტიკურად მიკერძოებულის აღქმა - ახლა უზენაესი სასამართლოს ფუნქცია შეითავსა.
მაგალითად: რამდენიმე კვირის წინ კომისიამ ჩვენს არხს 110 000 ლარის ჯარიმა დააკისრა, რასაც ჩვენ არ ვეთანხმებით და გავასაჩივრეთ. "ოცნების" მიერ შემოთავაზებული ცვლილება რომ ძალაში შესული ყოფილიყო, ჩვენი არხი დღეს უბრალოდ არ იარსებებდა. ამდენად დიდ სივრცეს აძლევს ის კომისიას სანქციებისთვის. ამასთან კომისიას მაუწყებელთა კანონში შესატანი ცვლილებები სარედაქციო პოლიტიკაში უხეშად ჩარევის შესაძლებლობასაც აძლევს. ერთი სიტყვით - ევროპასთან დაახლოების ნაცვლად, პაკეტი სულ უფრო აშორებს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ქართულ პრაქტიკას დემოკრატიული სტანდარტებისგან.