ენგურის ხიდიდან სოხუმის მიმართულებით რუსული გუმბათი მიაქვთ - "მთავარი არხის" ექსკლუზივი

გამოქვეყნდა:

ვანდალიზმის ახალი გეგმა აფხაზეთში - კამანის უძველეს ქართულ ტაძარს საფრთხე ემუქრება. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მე-11 საუკუნის იოანე ოქროპირის სახელობის ეკლესიისთვის რუსული არქიტექტურის შესაბამისი გუმბათის დადგმა იგეგმება. გუმბათი უკვე დამზადებულია და ამ წუთებში სატვირთო ავტომობილს ის ენგურის ხიდიდან სოხუმის მიმართულებით მიაქვს.

ავტომობილი სწორედ ენგურის ხიდიდან მოძრაობს. ამ უმძიმეს ვანდალურ გეგმას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ გუმბათი თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, ქართველმა ხელოსნებმა დაამზადეს და ის ქართველმა ძალოვნებმა ენგურის ხიდზე გაატარეს. სწორედ ამ დროს დააფიქსირა გუმბათი "მთავარი არხის" კამერამ. 

რატომ და ვის მიჰქონდა გუმბათი ოკუპირებულ ტერიტორიაზე? ირკვევა, რომ ხვალ აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი ე.წ დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს, რადგან სწორედ ამ დღეს, 30 სექტემბერს აღმართეს დროშა აფხაზებმა ენგურის ხიდზე. ამ დღის აღსანიშნავად ახლა რუსეთში მყოფმა რამდენიმე აფხაზმა "კანონიერმა ქურდმა"  გადაწყვიტა, ე.წ ხელისუფლება და პატრიარქი ბესარიონ აპლია დაესაჩუქრებინათ. 

გავრცელებული ინფორმაციით, ეს გუმბათი უძველესი ტაძრის, კამანის მამათა მონასტრის გადასახურად მიაქვთ, თუმცა ქართული მხარესთან ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული არ ყოფილა. საქმის კურსში არ არის არც საპატრიარქო. საპატრიარქოში არავინ იცის, როგორ და ვინ მიიღო გადაწყვეტილება მართლმადიდებლებისთვის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წმინდა ადგილზე, სადაც იოანე ოქროპირის საფლავი იყო, რუსულმა მხარემ თვითნებურად გადაწყვიტა თუ არა უძველესი მონასტრისთვის იერსახე შეეცვალა და ქართული ტაძარი რუსული ეკლესიის გუმბათით გადაეხურა. 

სწორედ ამ ტაძარში, აფხაზეთის ომის დროს, ტაძრის წინამძღვარი მამა ანდრია ყურაშვილი მონაზვნებთან ერთად აფხაზებმა  სასტიკად აწამეს და დახვრიტეს. კამანის მონასტერს ახლა რუსული წარწერები აქვს და რუსი მამები მართავენ. 

არის კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება - ავტომობილს, რომელმაც გუმბათი გადაიტანა, ენგურჰესის საშვი ჰქონდა.

სავარაუდო დამკვეთმა გვითხრა, რომ წარმოშობით გალიდანაა და დედის საფლავის გადასახურად გუმბათი გადაიტანა. 

საუბრის შემდეგ მონაცემთა ბაზა გადავამოწმეთ. აღნიშნული პირი არ იძებნება. გამოდის, რომ წარმომავლობის შესახებ მან იცრუა და რეალური მიზეზებიც დამალა. სატვირთოს მესაკუთრის ვინაობას შეგნებულად არ ვასახელებთ. არ ვასაჯაროებთ არც სატელეფონო კომუნიკაციას, რადგან მას შესაძლოა პრობლემები შეექმნას. 

ავტომობილი სავარაუდოდ უკვე სოხუმის მიმართულებით მიდის. რაც იმას ნიშნავს, რომ მონათხრობი ფაქტებს არ ემთხვევა. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი