"დასკვნა იქნება საკმაოდ მძიმე" - მიხეილ სააკაშვილთან ექსპერტები რამდენიმესაათიანი დაყოვნების შემდეგ შეუშვეს

გამოქვეყნდა:

საქართველოს მესამე პრეზიდენტს ამ წუთებში დამატებითი სამედიცინო გამოკვლევები უტარდება. კლინიკა "ვივა მედში" ცენტრ "ემპათიას" ექიმები იმყოფებიან. ისინი პალატაში 2-საათიანი ლოდინის შემდეგ შეუშვეს. 

თითქმის სამი თვეა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას სწავლობენ. სპეციალისტების თქმით, მისი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა, რაც ნიშნავს, რომ პაციენტის მონახულება მომდევნო დღეებშიც იქნება საჭირო. 

ექიმები ამბობენ, რომ იუსტიციის სამინისტროსგან დაყოვნება და ხელშეშლა ერთგვარ ტენდენციად იქცა, რაც ექსპერტიზაში ხელშეშლად შეიძლება შეფასდეს. 

"არ იქნა დაშვებული ექიმი-ნევროლოგი წინა კვირას, ამ კვირას ჩვენ გვალოდინეს და ვერანაირი პასუხი ვერ მივიღეთ. ეს გახლავთ ექსპერტიზაში ხელის შეშლა. მივმართავ მოსამართლეს, ვისი ძალისხმევითაც დაინიშნა ექსპერტიზა, ვინაიდან იუსტიციის სამინისტრო მანამდეც იყო სრულიად არაადეკვატური და პატიმარს წაართვა ექსპერტიზის ჩატარების უფლება და მოვუწოდებ იუსტიციის მინისტრს ნუ გვიშლის ხელს ექსპერტიზის ჩატარებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ყველა ხელის შეშლა ასახული იქნება საექსპერტო დასკვნაში და გამოძიების მოთხოვნით მიემართება საგამოძიებო ინსპექციას. 

საექსპერტო დასკვნა იქნება საკმაოდ მძიმე, ვინაიდან, მდგომარეობა არის  მძიმე. ექსპერტიზა არის პრაქტიკულად დასრულების ეტაპზე, ჩვენ ვაწარმოებთ მონიტორინგს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის",- ამბობს მარიამ ჯიშკარიანი. 

ცენტრ "ემპათიას" ნევროლოგი ოთარ თოიძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის სანახავად გასულ კვირას დაახლოებით 4-5 საათის განმავლობაში მოუწია ლოდინი. მიზეზად კი უთხრეს, რომ ნებართვას ელოდებოდნენ. 

ექსპერტიზის პროცესში ჩაერთო ახალი სპეციალობის ექიმი. საუბარია გასტროენტეროლოგზე, ქართველი ექიმი, შესაბამისი ლიცენზიით. ამასთან, ორშაბათს ალტერნატიულ კომისიაში ელოდებიან ნევროლოგს აშშ-დან, რომელზეც ლიცენზია ჯანდაცვის სამინისტროს უკვე დაშვებული აქვს. 

ცნობისთვის, ექსპერტიზის საბოლოო დასკვნის შემდეგ გაირკვევა გადაიყვანენ თუ არა მიხეილ სააკაშვილს ევროპის სპეციალიზებულ კლინიკაში სამკურნალოდ. 

ავტორი: ზურა პეტროსიანი

ახალგაზრდების პროტესტი | მთავარის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი