ევროკავშირის საბჭო ბელორუსში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ ევროკავშირი ყურადღებით აკვირდებოდა ბელორუსში მიმდინარე არჩევნებს, სადაც წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ბელორუსმა ხალხმა დემოკრატიული ცვლილებებისადმი მისწრაფება გამოავლინა, თუმცა არჩევნები არც სამართლიანი იყო და არც თავისუფალი.
განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ხელისუფლებამ გამოიყენა არაპროპორციული და მიუღებელი ძალადობა, რის შედეგადაც დაიღუპა სულ მცირე ერთი ადამიანი და ბევრმა მიიღო დაზიანებები, დაკავებულ იქნა ათასობით ადამიანი, გამკაცრდა შეკრების, მედიისა და სიტყვის თავისუფლების ჩახშობის ღონისძიებები.
ჩვენ მოვუწოდებთ ბელორუსის ხელისუფლებას დაუყოვნებლივ და უპირობოთ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული... ბელორუსი ხალხი იმსახურებს უკეთესს.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ 2015 წელს პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლების შემდეგ ევროკავშირსა და ბელორუსს შორის ურთიერთობა გაუმჯობესდა, თუმცა ადამიანის უფლებებისა და სამართლიანობის უზენაესობის სფეროში ეს ურთიერთბა შეიძლება დაღმასვლისკენ წავიდეს.
სწორედ ამ ფონზე შევაფასებთ ჩვენ ბელორუსსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობას, რაც, მათ შორის, შეიძლება გულისხმობდეს ძალადობაში, დაუსაბუთებელ დაკავებებსა და არჩევნების შედეგების ფალსიფიკაციაში პასუხისმგებელი პირების წინააღმდეგ ღონისძიებების გატარებას, - ვკითხულობთ ევროკავშირის განცხადებაში.
ევროკავშირი ბელორუსის ხელისუფლებას მოუწოდებს დაიწყოს გულწრფელი და ყოველისმომცველი დიალოგი საზოგადოების ფართო ფენებთან, რათა თავიდან იქნას აცილებული შემდგომი ძალადობა.
ევროკავშირი მხარს უჭრს დემოკრატიულ, დამოუკიდებელ, სუვერენულ, აყვავებულ და სტაბილურ ბელორუსს, - წერია განცხადების დასკვნით აბზაცში.
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულ ვონ დერ ლეიენი ბელორუსში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით ევროკავშირის საბჭოს განცხადებას Twitter-ის საკუთარ გვერდზე ეხმაუერება და წერს:
ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი. სახელმწიფოს მხრიდან ძალადობა და უხეში ძალის გამოყენება ადამიანების უფლებებისა და თავისუფლებების მისამართით მიუღებელია. ევროკავშირი გადახედავს ბელორუსთან ურთიერთობებს და შესაბამის ზომებს მიიღებს ამ ქმედებებზე პასუხისმგებელ პირებთან მიმართებაში, - ვკითხულობთ ევროკომისიის პრეზიდენტის თვითში.
შეგახსენებთ, რომ მიტინგები ბელორუსის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის გომელშიც გაიმართა. მოქალაქეები პრეზიდენტის მთავრობის გადადგომას და ახალი, სამართლიანი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ. ბელორუსში მიმდინარე პროცესებისა და ზეწოლის გამო ქვეყანა დატოვა გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა სვეტლანა ტიხანოვსკაიამ და თავი ლიეტუვას შეაფარა.
შეგახსენებთ, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გამოქვეყნებისთანავე, რომლის მიხედვითაც ქვეყნის პრეზიდენტი ისევ ალექსანდრ ლუკაშენკო გახდა, დედაქალაქში და ქვეყნის სხვა ქალაქებშიც გამოსვლები დაიწყო. ხალხი არჩევნების შედგების გაუქმებას ითხოვს და ამბობენ, რომ ლუკაშენკოს 80%-იანი მხარდაჭერის არ სჯერათ. ბელორუსში გამოსვლები ამ დრომდე მიმდინარეობს.