ბელორუსში მდგომარეობა ამ დრომდე უკიდურესად დაძაბულია - არჩევნების შედეგებით უკმაყოფილო მოსახლეობა ქუჩაში გამოვიდა და ლუკაშენკოს მთავრობა არჩევნების გაყალბებაში დაადანაშაულა. დაპირისპირება მოხდა მინსკსში, სადაც პოლიციამ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და ხელკეტები გამოიყენა. ათობით ადამიანმა მძიმე დაზიანება მიიღო. დაკავებულია 200-მდე დემონსტრანტი.
წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება ქვეყნის მოქმედმა პრეზიდენტმა ალექსანდ ლუკაშენკომ მოიპოვა - მან ხმების 80% მიიღო.
ბელორუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გამოცხადებული შედეგები ოპოზიციისთვის მიუღებელია. სვეტლანა ტიხანოვსკაიამ ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს ძალის გამოყენებისკენ უარის თქმისკენ მოუწოდა და ხელისუფლება თაღლითობაში დაადანაშაულა.
მინდა შევახსენო მილიციას და ჯარს, ახსოვდეთ, რომ ისინი ხალხის ნაწილი არიან, ასევე მინდა ვთხოვო ჩემს ამომჩეველს, თავი აარიდოს პროვოკაციებს და ნუ მისცემენ მილიციას ძალის გამოყენების საბაბს, - განაცხადა გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატმა.
ხელისუფლებამ არჩევნების დასრულებამდე ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ბელორუს ძალოვნებს ბლოკირებული ჰქონდათ ყველა სამთავრობო შენობა, მობილიზებულია შეიარაღებული ძალები, დაკეტილია დედაქალაქის მთავარი გამზირი და მინსკში შემავალი ყველა ცენტრალური მაგისტრალი.
ლუკაშენკომ, რომელიც ქვეყნის უცვლელი პრეზიდენტია 1994 წლიდან, მეექვსედ იყარა კენჭი. მას ოთხი მეტოქე ჰყავდა: ანდრეი დმიტრიევი, სერგეი ჩეჩენეცი, ანნა კანოპაცკაია და სვეტლანა ტიხანოვსკაია.
პრეზიდენტობის კანდიდატების რეალური რეიტინგი უცნობია, რადგან ქვეყანაში არც ერთი დამოუკიდებელი სოციოლოგიური ინსტიტუტი არ ფუნქციონირებს.
არჩევნებს დასავლელი დამკვირვებლები წელს არ ჰყავდა, რადგან გაერო-სა და ეუთო-ს მისიების ცნობით, მათ მოწვევები დროულად არ მიუღიათ. არჩევნებს არც რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია დააკვირდება. სადამკვირვებლო საქმიანობას დღევანდელ არჩევნებზე დსთ-ს მისიისა და რამდენიმე პოსტსაბჭოთა ქვეყნის წარმომადგენლები განახორციელებენ.
ბელორუსი უფლებადამცველების ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე არ უშვებენ ადგილობრივ დამოუკიდებელ დამკვირვებლებს, მათაც კი, ვინც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ არის აკრედიტებული.
4-დან 8 აგვისტომდე ქვეყანაში ხმის წინასწარი მიცემის პროცესი მიმდინარეობდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, ამ პროცესში მონაწილეობა ამომრჩეველთა 41.7%-მა მიიღო.
ბელორუსიის ჟურნალისტთა ასოციაციის ცნობით, უცხოური მედია 9 აგვისტოს არჩევნებს ფართოდ ვერ გააშუქებს, რადგან 30-ზე მეტმა უცხოელმა ჟურნალისტმა საგარეო საქმეთა სამინისტროს აკრედიტაცია ვერ მიიღო. უწყება თავის გადაწყვეტილებას კორონაპანდემიით ხსნის და აცხადებს, რომ აკრედიტაციის კომისია პანდემიის გამო სხდომებს ვერ ატარებს. აკრედიტაციის გარეშე უცხოელ ჟურნალისტებს მუშაბის უფლება არ აქვთ.
ადგილორივი უფლებადამცველების ინფორმაციით, ორთვიანი წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას ადგილობრივი და უცხოური მედიის 50-ზე მეტი თანამშრომელი დააკავეს, ასევე დაკავებულია ქვეყნის თითქმის ათასამდე მოქალაქე სხვადასხვა ქალაქებში ჩატარებული საპროტესტო აქციების დროს.