"შემოწმებულია": სასამართლოს მიკერძოებულობა საერთაშორისო კვლევებში რეალურად და "ოცნების" ინტერპრეტაციით

გამოქვეყნდა:

შემოწმებულია - "მთავარი არხისა" და "მითების დეტექტორის" ერთობლივი პროექტი.

ამბავი იმაზე, როგორ მუშაობს "ოცნების" პროპაგანდა. თემა სასამართლოს შესახებ საერთაშორისო კვლევებია -  რა წერია სასამართლოს სისტემის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე რეალურად  საერთაშორისო კვლევებში და რა ინტერპრეტაციით იყენებენ ქართული ოცნების წევრები ამ დოკუმენტებს. 

მაგალითად, მტკიცების მიუხედავად, დავით მათიკაშვილი არ აკონკრეტებს რომელ კვლევას ეყრდნობა, როცა აცხადებს, რომ პოლიტიკური მიკერძოებულობის კუთხით, საქართველოს სასამართლო სისტემას აშშ-იც კი ჩამორჩება.

მათიკაშვილის მტკიცების  გასამყარებლად ტელეკომპანია "იმედი" დეპუტატის განცხადებას თან ურთავს  ორგანიზაცია “დემოკრატიის მრავალფეროვნების” ინდექსს - სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერი გაძევების შესახებ . 

სამთავრობო მედია წერს, რომ საქართველო მსოფლიოს საუკეთესო 50 ქვეყანას შორის 46-ე ადგილზე, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-16 პოზიციაზეა.

მტკიცება, რომ სასამართლო სისტემის მიუკერძოებლობის კუთხის საქართველო აშშ-ს უსწრებს, სიმართლეს არ შეესაბამება. ინდექსი, რომელიც "იმედმა" მათიკაშვილის განცხადებას თან დაურთო, სასამართლო სისტემის პოლიტიკურ მიუკერძოებლობას არ ზომავს. კონკრეტული ინდექსი ასახავს  სიტუაციას ქვეყანაში სასამართლო სისტემიდან მოსამართლეთა არაკეთილსინდისიერი გაძევების მხრივ. ეს კრიტერიუმი კი სასამართლოს დამოუკიდებლობის შესაფასებლად ვერ გამოდგება.

გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის ირგვლივ ბევრი კითხვის ნიშნები არსებობს. 4 მოსამართლე  “მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში ჩართულობის” გამო აშშ-ის მიერ სანქცირებულია. ამ მოსამართლეებს მოიხსენიებენ იმ ე.წ. კლანის წევრებად, რომლის ინტერესებსაც, არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, სწორედ ქართული ოცნება იცავს.

პუნქტში, რომელიც უზენაესი და დაბალი ინსტანციის სასამართლოს დამოუკიდებლობას ზომავს, საქართველოს მაჩვენებელი 4-დან 2.25 და 1.38-ია და ორივე შემთხვევაში აშშ-ის მაჩვენებელზე ნაკლებია.

"World Justice Project-ის 2023 წლის კანონის უზენაესობის ინდექსით საქართველო ევროკავშირის მხოლოდ 2 და NATO-ს 6 ქვეყანას უსწრებს. ხოლო ორგანიზაცია V-Dem-ის 2022-წლის მონაცემებით, ევროკავშირის მხოლოდ 1 და NATO-ს 4 წევრს" - ირაკლი ზარქუას არ დაუზუსტებია, რომელ კვლევას ეყრდნობა მისი განცხადება, ამიტომ ინფორმაცია თავად პარლამენტის დეპუტატთან გადავამოწმეთ.

ირაკლი ზარქუას მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმად ის რუსთავი ორის სიუჟეტში ნაჩვენებ კვლევას ეყრდნობა, რეალურ მონაცემებს არ შეესაბამება. ევროკავშირის 7 და NATO-ს 11 წევრ ქვეყანას საქართველო კანონის უზენაესობის კრიტერიუმით ვერც აღნიშნულ კვლევაში უსწრებს.

კანონის უზენაესობაზე მონაცემების დამუშავების შედეგად დავადგინეთ, რომ საქართველო NATO-ს ქვეყნებიდან არა 11-ს, არამედ 5 ქვეყანას - ალბანეთს, თურქეთს, ჩრდილოეთ მაკედონიას, ბულგარეთსა და მონტენეგროს - უსწრებს. ევროკავშირის ქვეყნებიდან მხოლოდ ერთს - ბულგარეთს.

ფაქტები აჩვენებს, რომ ხელისუფლება ხშირად მიმართავს მანიპულაციას და სხვადასხვა კვლევის მონაცემების კონტექსტის გარეშე გავრცელებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ცდილობს.

დავით კობიძე

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი