"პუბლიკა": ჩვენ ჟურნალისტს სამართალდამცველმა დაარტყა და ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის შესრულებაში

გამოქვეყნდა:

ონლაინმედია "პუბლიკას" ცნობით, ღამით, ჭიჭინაძის ქუჩაზე, მათ ჟურნალისტს სამართალდამცველმა დაარტყა და ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის შესრულებაში.

გამოცემამ ვიდეოც გაავრცელა რომელშიც ისმის როგორ ეუბნებიან სამართალდამცველებს ქუჩის განაპირა მხარეს მდგომი მედიის წარმომადგენლები, რომ ჟურნალისტები არიან, ერთ-ერთი პოლიციელი მათთან მიდის და ეუბნება: "დაბლა, დაბლა" და ხელით ეხება - "მოკიდე ხელი დროზე" ისმის ვიდეოში.

ცნობისთვის, 1 მაისს თბილისში მორიგი აქცია გაიმართა რუსული კანონის გასაპროტესტებლად, რომელსაც იმავე დღეს "ოცნებამ" მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი. დარჩა მესამე, საბოლოო მოსმენა. აქციის მონაწილეები პარლამენტთან დილამდე დარჩნენ. პოლიციამ რამდენჯერმე გამოიყენა წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი. დააკავეს რამდენიმე ადამიანი. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აქციაზე დაშავებული 8 სამოქალაქო პირის ჰოსპიტალიზაცია განხორციელდა. დაშავებული მოქალაქეების ნაწილი ამბობს, რომ შსს იყენებდა რეზინის ტყვიებსაც - სამინისტრო რეზინის ტყვიების გამოყენებას უარყოფს.

განსაკუთრებით დაძაბული იყო სიტუაცია ჭიჭინაძის ქუჩაზე, სადაც პარლამენტის ჭიშკართან დემონსტრანტებმა ბარიკადები ააგეს. პარალელურად, სპეცრაზმი მათ წინააღმდეგ იყენებდა წყლის ჭავლსა და ცრემლსადენ გაზს. ჭიჭინაძის ქუჩის მხრიდან აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობის შუშებიც ჩაამსხვრიეს, რასაც ისევ მოჰყვა წყლის ჭავლის გამოყენება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი