პაპუაშვილმა ცესკოს თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა

გამოქვეყნდა:

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ცესკოს თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.

ცესკოს თავმჯდომარისა და წევრობის მსურველებს, საკონკურსო დოკუმენტების წარდგენა ფიზიკურად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შეუძლიათ. დოკუმენტები 9 აპრილის ჩათვლით მიიღება.

"დღეს გამოვაცხადე ცესკოს თავმჯდომარისა და სამი პროფესიული წევრის შესარჩევი კონკურსი.

მსურველებს, საკონკურსო დოკუმენტები, ფიზიკურად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შეუძლიათ, წარმოადგინონ 2024 წლის 9 აპრილის ჩათვლით.

ამავე ბრძანებით შეიქმნა კანდიდატების შესარჩევი კომისია. მივიღე გადაწყვეტილება, კომისიის წევრობა შემეთავაზებინა იმავე შემადგენლობისთვის, რომელიც იყო ცესკოს კანდიდატების შესარჩევად პრეზიდენტის მიერ შექმნილ კომისიაში. მადლობა მინდა ვუთხრა კომისიის წევრებს თანხმობისთვის.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად კომისიაში ასევე შევიდა პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი." - წერს პაპუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ კრიტიკისა და მოტივირებული შენიშვნების მიუხედავად, პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო 19 მარტს დაძლია. მიღებული კანონის მიხედვით, იზღუდება პრეზიდენტის როლი - კანდიდატების შესარჩევ კონკურსს პრეზიდენტის ნაცვლად პარლამენტის თავმჯდომარე გამოაცხადებს და ცესკოს თავმჯდომარის და ცესკოს წევრების კანდიდატურებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს პარლამენტს.

ცვლილებების მიხედვით, კიდევ ერთხელ შეიცვალა ცესკოს თავმჯდომარის და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი. ამას გარდა, გაუქმდა ცესკოს თავმჯდომარის იმ მოადგილის თანამდებობა, რომელიც ოპოზიციის კვოტას წარმოადგენს. 

კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს. პირველ კენჭისყრაზე 90 ხმა იქნება საჭირო. იმ შემთხვევაში, თუკი 90 ხმა ვერ იქნება უზრუნველყოფილი, მათ 76 ხმით აირჩევენ. კონკრეტული კანდიდატებისთვის 76 ხმით მხარდაჭერის მიღება ორჯერ იქნება შესაძლებელი და 76 ხმით არჩეული კანდიდატები უფლებამოსილების განხორციელებას 5 წლის ვადით დაიწყებენ. იმ შემთხვევაში კი, თუ პარლამენტში ვერც 76 ხმა მოგროვდება და პარლამენტი კანდიდატებს ვერც ერთი კენჭისყრის შედეგად ვერ აირჩევს, საკითხი გადაწყვეტილების მისაღებად პრეზიდენტს გადაეცემა.

ეუთო-ოდირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო, ცესკოს თავმჯდომარე და წევრები დამტკიცებულიყვნენ მაღალი კვორუმით, თუმცა არსებული ვარიანტით, საკმარისია უბრალო უმრავლესობა, ანუ 76 დეპუტატის ხმა. 

არა რუსულ კანონს! | მთავარი არხის საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი