ე.წ. კარუსელის მონაწილის აღიარება და მდუმარე საგამოძიებო უწყებები | გორში გაყალბებული 20 ათასამდე ხმის ისტორია

გამოქვეყნდა:

"ქართული ოცნების" მიერ, არჩევნების გაყალბების მასშტაბური სქემა და დიდი მხილება "მთავარ არხზე". გადაცემა POST FACTUM-ში გავიდა ექსკლუზიური ინტერვიუ მოქალაქე გოჩა ჩალაურთან, რომელიც არჩევნების გაყალბების, კერძოდ კი, ე.წ. კარუსელის მონაწილე იყო და სისტემას ამხელს. დგინდება, რომ პრორუსი ოლიგარქის პარტიას მობილური ჯგუფები ჰქონდა შექმნილი, რომლის წევრებიც სხვადასხვა უბნებზე, უცხო ადამიანების პირადი ნომრებით ხმებს უპრობლემოდ აძლევდნენ. ამ მეთოდით "ოცნებამ" გორში თითქმის 20 ათასი ხმის მობილიზება შეძლო. აღნიშნულ ფაქტს უარყოფს შიდა ქართლის გუბერნატორის მოადგილე თემურ ხუბულური და გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, რომლებიც გოჩა ჩალაურის თქმით ხმების მობილიზებაში და არჩევნების გაყალბებაში აქტიურად იყვნენ ჩართულები.

გადაცემა POST FACTUM-ის შემდეგ, გორის ხელისუფლებაში დიდი დაბნეულობაა. სქემის ორგანიზატორებად დასახელებული ჩინოვნიკები თავის მართლების რეჟიმზე გადავიდნენ. როგორც დგინდება, გამყალბებლები საარჩევნო უბნებზე რეგიონის გუბერნატორის მოადგილის, თენგიზ ხუბულურის სახელით მიდიოდნენ თუმცა, ამ სქემაში რაიმე ფორმით ჩართულობას მაღალჩინოსანი კატეგორიულად უარყოფს. 

ბრალდებებს უარყოფს გორის მერის მოადგილე თამაზ შიოშვილიც, არადა ჩალაური ამტკიცებს, რომ არჩევნების გაყალბების სქემაში სწორედ მან ჩართო. შიოშვილი არ უარყოფს, რომ ჩალაურთან ნაცნობობა აკავშირებს თუმცა გვარწმუნებს, რომ როგორც  სოციალურად დაუცველს მხოლოდ ისე იცნობს. 

"ოცნების" ე.წ. კარუსელის მონაწილე, ხუბულურის და შიოშვილის გარდა, გაყალბების ტოტალურ სქემაში მონაწილე სხვა პირებსაც ასახელებს. მათ შორის არის გორის კეთილმოწყობის სააგენტოს მოქმედი თანამშრომელი ტატო გრიგალაშვილი, რომელიც POST FACTUM-ის მიერ ფარულად გადაღებულ ვიდეო მასალაში ფაქტს ადასტურებს. 

"მთავარი არხის" რესპონდენტმა ინტერვიუს შემდეგ ქვეყანა დატოვა. თუმცა, საქართველოში რჩებიან მის მიერ დასახელებული ადამიანები, რომლებმაც გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას არჩევნები მოჰპარეს. POST FACTUM-ის შემდეგ, 24 საათია გასული თუმცა, ოლიგარქის სამსახურში მყოფი საგამოძიებო უწყებები დუმილს ინარჩუნებენ. ამ დრომდე, პროკურატურას გაყალბების სქემის ფიგურანტები გამოკითხვაზეც არ დაუბარებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი