COVID 19–ის უკონტროლო გავრცელება იწყება – ჯანდაცვის სისტემა კი მზარდ ნაკადს მოუმზადებელი ხვდება

გამოქვეყნდა:

საქართველოში კოვიდ 19-ის უკონტროლო გავრცელება იწყება. ექიმები ყველაზე საშიშ ეტაპზე გადასვლას აღარ მალავენ. ინფიცირებულთა რაოდენობამ 300–ს გადააჭარბა.

დაიწყო შიდა გადაცემა, რომლის კვალსაც ეპიდემიოლოგები ვეღარ არკვევენ. აფრთხილებენ ყველას, მთავარი თავდაცვა დისტანცირებაა. დარჩით სახლში – ეს არის მედიკოსების  ერთადერთი სათხოვარი. სოციალური დისტანციის დაცვას სთხოვს მოსახლეობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი.

„ფორბსის“ მიერ ჩატრებული კვლევის თანახმად ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები არცთუ ისე ეფექტურია. ყოველ შემთხვევაში საქართველო ვერ მოხვდა იმ 40 ქვეყანას შორის, სადაც კოვიდ 19–თან ბრზოლა წარმატებით მიმდინარეობს.

სავარაუდოდ, ამ შედეგს ხელი შეუწყო იმ ციფრებმაც, რომელზეც უკვე ღიად ჯანდაცვის მინისტრიც საუბრობს. სწორედ ეკატერინე ტიკარაძის მიერ გავრცელებული მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 256 ინფექციონისტია, რომლებსაც მხოლოდ 853 პაციენტის მიღება შეუძლიათ. არასაიმედოა მონაცემები რეანიმატოლოგთა რაოდენობის მხრივაც. აღმოჩნდა, რომ საქართველოში 488 რეანიმატოლოგი გვყავს და მათ მხოლოდ 1200 პაციენტის მიღება შეუძლიათ.

რეანიმატოლოგი ვახტანგ კალოიანი სისტემის მიერ დაშვებულ შეცდომებზე საუბრობს. დღეის მონაცემებით, კოვიდ 19-ით უკვე 10 ექიმია დაინფიცირებული. დაკეტილია რამდენიმე სამედიცინო ცანტრი და კლინიკა. მედპერსონალს კი ზუსტი მითითება, როგორ უნდა იმოქმედონ ახალი კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევის დროს, არ არსებობს.

კოვიდ 19–ის შემთხვევების ზრდას ელოდება ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი. სპეციალისტები ჯანდაცვის სამინისტროს კიდევ ერთ რეკომენდაციას აძლევენ და იმედი აქვთ, რომ ტიკარაძის უწყება მათ რჩევას ამჯერად მაინც გაითვალისწინებს. მედიკოსები დარწმუნებულები არიან, რომ ყველა ინფიცირებული კლინიკაში არ უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სისტემა დატვირთვას ვერ გაუძლებს და ჩამოიშლება.

საწოლი ადგილების პრობლემა უკვე შექმნილი არის ცხელების ცენტრებში. ბევრ პაციენტს კლინიკაში გადაყვანაზე სასწრაფო დახმარების ბრიგადები უარს ეუბნებიან. რესპუბლიკურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მათ ამ დროისთვის მხოლოდ 15 ადგილი აქვთ დარჩენილი.

ქვეყანაში ახლა სულ 25 ცხელების ცენტრია გახსნილი. მათი ნაწილი სრულად არ არის ამუშავებული. დაავადებათ კონტროლის ცენტრის მონაცემებით, ამჟამად სტაციონარში ექმების მეთვალყურეობის ქვეშ 463 პაციენტია.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი