აშშ-ის საარჩევნო კოლეგიის წევრებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამტკიცეს.
DW-ის ინფორმაციით "დემოკრატმა“ ბაიდენმა კოლეგიის 306 ხმა მოიპოვა, "რესპუბლიკელმა“ დონალდ ტრამპმა კი - 232. პრეზიდენტად დამტკიცებისთვის საარჩევნო კოლეგიის მინიმუმ 270 წევრის თანხმობა იყო საჭირო.
კენჭისყრის შედეგები ვაშინგტონში გაიგზავნება და ხმებს 6 იანვარს კონგრესის ერთობლივ სხდომაზე ოფიციალურად დაითვლიან. 20 იანვარს კი პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება და ჯო ბაიდენი თეთრ სახლს გადაიბარებს.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არცევნების შედეგი 7 ნოემბერს გახდა ცნობილი, რომლითაც ამერიკის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა.
დონალდ ტრამპი კი, მართალია, ხელისუფლების გადაბარებას დათანხმდა, თუმცა საკუთარ დამარცხებას არ აღიარებს და დემოკრატების მიერ არჩევნების გაყალბების მექანიზმებზე საუბრობს. მისი თქმით, არჩევნებში ხმა გარდაცვლილებმაც მისცეს. მაგალითად, მისი მტკიცებით, პენსილვანიაში 20 000-მა გარდაცვლილმა მისცა ხმა.
გარდა ამისა, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კომისიაში ბიულეტენების დიდი ნაწილი საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ მიიღეს.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, სარჩელი - ბიულეტენების გადათვლასთან დაკავშირებით - უარყო.