ამერიკის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და საკუთარ დამარცხებას არ აღიარებს.
დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ბიულეტენების დიდი ნაწილი საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ მიიღეს, ამიტომ ეს ხმები უნდა გაუქმდეს.
"უზენაესი სასამართლოს მართლმსაჯულება აიძულებს მათ, რომ გამოყონ ის ბიულეტენები, რომლებიც საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ მიიღეს. საჭიროა უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, ალიტოს, ჩარევა. საუბარია ბიულეტენების დიდ რაოდენობაზე", - წერს ტრამპი.
დონალდ ტრამპისთვის საეჭვოა ის, რომ ზოგიერთ შტატში ჯო ბაიდენმა ამერიკის 44-ე პრეზიდენტზე, ბარაკ ობამაზე, მეტი ხმა დააგროვა.
”ჩვენ გვჯერა, რომ ეს ადამიანები ქურდები არიან. დიდი ქალაქის მანქანები კორუმპირებულია. ეს იყო მოპარული არჩევნები. ამ დილით ბრიტანეთშიც დაიწერა, რომ ეს აშკარად მოპარული არჩევნები იყო. შეუძლებელია წარმოიდგინო, რომ ზოგიერთ შტატში ბაიდენმა ობამაზე მეტი ხმა მოიპოვა", - წერს ტრამპი.
როგორც ტრამპი ამბობს, მან არჩევნები 71 000 000 ხმით მოიგო, რაც მოქმედი პრეზიდენტისთვის ყველაზე დიდი შედეგია.
შეგახსენებთ, რომ ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები გუშინ გახდა ცნობილი. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა.