აშშ-ს მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ჯორჯიის შემდეგ, ყურადღებას კიდევ ერთ შტატზე ამახვილებს, სადაც, მისი თქმით, არჩევნები გაყალბდა. პრეზიდენტი ირწმუნება, რომ პენსილვანიაში ხმა 20 000 გარდაცვლილმა მისცა.
"არჩევნებზე მომხდარი თაღლითობის მტკიცებულებები კვლავ იზრდება, ერთ-ერთი მაგალითია 20 000 მკვდარი ადამიანი პენსილვანიის ამომრჩევლებს შორის და მრავალი ათასი - მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ახლა უკვე, ჯო ბაიდენის სასარგებლოდ დაფიქსირებული ხმების რაოდენობა ხელოვნურია", - წერს დონალდ ტრამპი.
გარდა ამისა, პრეზიდენტი ჯორჯიას შტატში ჩატარებული არჩევნების საეჭვოობის კიდევ ერთ მიზეზს ასახელებს. მისი თქმით, ჯორჯიაში გაუქმებული ბიულეტენები თითქმის 0%-ია, რაც შეუძლებელია. გასულ წლებში, ეს მაჩვენებელი დაახლოებით 4% იყო.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი გაყალბების მექანიზმებზეც საუბრობს . ტრამპი ამბობს, რომ დამკვირვებლები შედეგების დათვლის პროცესს არ დაასწრეს. ბიულეტენების დიდი ნაწილი კი, საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ მიიღეს, ამიტომ ეს ხმები უნდა გაუქმდეს.
აღსანიშნავია, რომ ამერიკული მედიაც იუწყება არჩევნებში გარდაცვლილების ხმების არსებობაზე. ამერიკელი კონსერვატორი ჟურნალისტი, ტაკერ კარლსონი ამბობს, რომ ამერიკის საარჩევნო სისტემა ასეთი მოუწესრიგებელი და დაუცველი არასდროს ყოფილა.