ამერიკელი კონსერვატორი ჟურნალისტი, ტაკერ კარლსონი, Fox News-ის ეთერში ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. მისი თქმით, არჩევნებში ათასობით გარდაცვლილი ადამიანის ხმა დაფიქსირდა, რაც მის სამართლიანობას და ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს.
ჟურნალისტის ინფორმაციით, ერთ-ერთი ამომრჩეველი, რომელმაც ჯორჯიას შტატში დემოკრატების ლიდერს, ჯო ბაიდენს, მხარი დაუჭირა, დებორა ჯინ ქრისტიანსენია. აღსანიშნავია, რომ იგი გასული წლის მაისში გარდაიცვალა.
"ალბათ გაოცდებიან, როცა გაიგებენ, რომ გარდაცვალების შემდეგ, დებორამ მაინც მოახერხა არჩევნებზე დარეგისტრირება და თანაც, ხმა ჯო ბაიდენს მისცა", - ამბობს ჟურნალისტი.
ჯო ბაიდენს მისცა ხმა ჯეიმს ბლაკოკმაც, რომელიც 2006 წელს გარდაიცვალა.
"როგორც ჩანს, ვერც წვიმამ, ვერც თოვლმა, ვერც ღამის წყვიადმა და ვერც სიკვდილმა ვერ შეაჩერა ჯეიმსი, რომ ელექტრონული ფოსტა გამოეყენებინა და მხარი ბაიდენისთვის დაეჭირა", - თქვა ჟურნალისტმა.
ამასთან, აღმოჩნდა, რომ ნევადას შტატში, სადაც ჯო ბაიდენი დონალდ ტრამპს 40 000 ხმით უსწრებს, საარჩევნო ბიულეტენები იმ ადამიანებსაც გაუგზავნეს, ვისაც რეგისტრაცია უკვე 10 წელია, არ განუახლებიათ. ამ ადამიანებში იგულისხმებიან გარდაცვლილებიც და ისინიც, ვინც საცხოვრებელი ადგილი შეიცვალეს.
ჟურნალისტი ამბობს, რომ ამერიკის საარჩევნო სისტემა ასეთი მოუწესრიგებელი და დაუცველი არასდროს ყოფილა. მანიპულაციის საშუალება კი, მისი თქმით, კორონავირუსის გამო, ხმის მიცემის გამარტივებული სისტემა გახდა, რამაც შტატებში თაღლითობა წაახალისა.
ხმების დათვლის შემდეგ, მედიის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ჯორჯიის შტატი მოექცა, სადაც ჯო ბაიდენმა, დონალდ ტრამპთან შედარებით, 15 000 ხმით მეტი დააგროვა. ეს სხვაობა კი, მოქალაქეების აზრით, საკმაოდ პატარაა და დაზუსტებას საჭიროებას, ამიტომ ჯორჯიას შტატის მდივანმა ხელახალი გადათვლის დაწყება გადაწყვიტა. გადათვლა არა ელექტრონულად, არამედ ხელით მოხდება.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა.
ამერიკის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს და საკუთარ დამარცხებას არ აღიარებს.
დონალდ ტრამპი ირწმუნება, რომ ბიულეტენების დიდი ნაწილი საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ მიიღეს, ამიტომ ეს ხმები უნდა გაუქმდეს.