აშშ-ის 45-ე პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, თანახმაა, რომ არჩევნებში გამარჯვებულ ჯო ბაიდენს ხელისუფლება გადააბაროს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
პრეზიდენტმა თქვა, რომ ფედერალურმა სააგენტომ და გენერალური სერვისების ადმინისტრაციამ - რომელიც გადაბარების პროცესზეა პასუხისმგებელი - "უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც საჭიროა“, თუმცა პირობა დადო, რომ არჩევნების ოფიციალური შედეგების წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტს.
გენერალური სერვისების ადმინისტრაციის (GSA) თქმით, იგი აღიარებს ბაიდენს, როგორც "აშკარა გამარჯვებულს".
"GSA-ს ხელმძღვანელს, ემილი მერფის, მოვუწოდებ, გააკეთოს ყველაფერი, რაც პროტოკოლითაა გაწერილი. ამავეს ვეუბნები ჩემს გუნდსაც", - წერს ტრამპი Twitter-ზე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ჯო ბაიდენი გახდა.
დონალდ ტრამპი კი საკუთარ დამარცხებას მაინც არ აღიარებს და დემოკრატების მიერ არჩევნების გაყალბების მექანიზმებზე საუბრობს. მისი თქმით, არჩევნებში ხმა გარდაცვლილებმაც მისცეს. მაგალითად, მისი მტკიცებით, პენსილვანიაში 20 000-მა გარდაცვლილმა მისცა ხმა.
გარდა ამისა, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ საარჩევნო კომისიაში ბიულეტენების დიდი ნაწილი საარჩევნო პროცესის დასრულების შემდეგ მიიღეს, ამიტომ ეს ხმები უნდა გაუქმდეს.
აღსანიშნავია, რომ არჩევნებში გარდაცვლილების ხმების არსებობაზე ამერიკული მედიაც იუწყება . ამერიკელი კონსერვატორი ჟურნალისტი, ტაკერ კარლსონი ამბობს, რომ ამერიკის საარჩევნო სისტემა ასეთი მოუწესრიგებელი და დაუცველი არასდროს ყოფილა.