34 მოქალაქეს საჩხერის სასტუმროში აკვირდებიან - „მთავარის“ ინტერვიუ კარანტინში მყოფ მოქალაქესთან

გამოქვეყნდა:

ჩინეთიდან ჩამოყვანილი საქართველოს 34 მოქალაქე ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით კარანტინის პერიოდს საჩხერეში გადის. როგორც საჩხერის საავადმყოფოსთან არსებულ კლინიკაში განთავსებულები ამბობენ, ხელისუფლება ჩინეთიდან მათ ჩამოსვლას მოუმზადებელი შეხვდა.

მგზავრები კლინიკასთან არსებულ სასტუმროში გადაიყვანეს, სადაც გათბობა არ იყო. ამბობენ, რომ ადგილზე არ გაუვლიათ შემოწმება და არ შეხვედრიათ ექიმი, სასტუმროში არ იყო არც თერმომეტრები და პირველადი დახმარების საშუალებები.   

„სასტუმროში ტემპერატურა არ იყო ისეთი როგორიც უნდა იყოს, სიცივემ შეგვაწუხა, გამოვედით და ვუთხარით, რომ აქ არ არის სათანადო პირობები, ცივა საკმაოდ, იმიტომ, რომ იყო საშიშროება, რომ უბრალოდ გავციებულიყავით და მერე ეს გაციება გადაგვქცეოდა სანერვიულოდ“ - ამბობს კარანტინში მყოფი მოქალაქე.

საქართველოს მოქალაქეების ჩინეთიდან ჩამოყვანა ხელისუფლებამ ავიაკომპანია „მაივეის“ სთხოვა. „მთავარის“ ინფორმაციით, რეისი გასაიდუმლოებული უნდა ყოფილიყო. კომპანიისთვის გადაგზავნილ წერილში ჯანდაცვის მინისტრი განმარტავდა, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ ეკიპაჟის წევრები, რომ შესაძლო ვირუსი თავიდან აეცილებინათ. ყველაზე მთავარი კი მეექვსე პუნქტია, სადაც ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მგზავრებს თვითიზოლაციისა და თვითმონიტორინგის მითითებებს მისცემდნენ. მას შემდეგ, რაც მგზავრების ჩამოყვანის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, ხელისუფლებამ მათი საჩხერეში გადაყვანა გადაწყვიტა.

კიდევ ერთი თვითმფრინავი ქვეყნიდან, სადაც კორონავირუსი უკვე გავრცელდა, თბილისის აეროპორტში ორი საათის წინ დაეშვა.  თვითმფრინავმა ირანიდან 100 მგზავრი ჩამოიყვანა. ირანის მოქალაქეები ყვებიან, რომ მათ ქვეყანაში პანიკაა და ყველა უწყებას კარანტინი აქვს გამოცხადებული. მგზავრების ნაწილი დღეს „მთავარის“ კამერასთან ყვებოდა, რომ აეროპორტში შემოწმება არ გაუვლია.

როდემდე შენარჩუნდება ავიამიმოსვლა ირანთან, ჯერჯერობით, უცნობია. ბოლო მონაცემებით, ეპიდემიით 5 ადამიანი გარდაიცვალა, კიდევ ათასობით დაინფიცირებულია. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ვირუსი ქვეყნის მასშტაბით, თითქმის ყველა რეგიონშია მოდებული. 

ირანთან საზღვრის ჩაკეტვის გადაწყვეტილება უკვე მიიღო ერაყმა და მოქალაქეებს გარკვეული ვადით ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსვლა აუკრძალა. დააწესებს თუ არა საქართველოს ხელისუფლება ირანისთვის შეზღუდვებს, ამ გადაწყვეტილებას სპეციალური საბჭო მიიღებს.

ირანის სამი მოქალაქე, დედა და 2 მცირეწლოვანი, ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მკურნალობს. პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდგინდათ. მათი მკურნალობის გაგრძელების გადაწყვეტილებას ახლა უკვე კლინიკის ხელმძღვანელობა მიიღებს.

არის თუ არა ქვეყანა საკმაოდ მძიმე და მომაკვდინებელი ვირუსის გამკლავებისთვის მზად, ეს უცნობია. ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან, რომ დაავადების გამოვლენის შემთხვევებს ადვილად გაუმკლავდებიან.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი