განათლების მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოზარდები, რომლებსაც ვაკის პარკის შადრევანში დენმა დაარტყა, 55-ე საჯარო სკოლაში დღეს დილიდან არ მისულან, საგაკვეთილო პროცესს არ დასწრებიან და ამის შესახებ კლასის დამრიგებელმა მათ მშობლებს შეატყობინა.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, გარდაცვლილი მოსწავლე, მარიტა მეფარიშვილია.
"55-ე საჯარო სკოლაში ეს კონკრეტული ბავშვები არ გამოცხადდნენ დილიდან გაკვეთილზე, რეგულაციის მიხედვით, რომლითაც ვალდებულია დამრიგებელი, როგორც კი არ გამოცხადდება მოსწავლე სკოლაში, რეგულაციის დაცვით მან აცნობა მშობლებს, რომ ბავშვები არ ესწრებოდნენ საგაკვეთილო პროცესს, ინფორმირება ჩვენი მხრიდან დამრიგებელმა განახორციელა." ამბობს განათლების მინისტრის მოადგილე, რომელიც ცოტა ხნის წინ კლინიკაში იმყოფებოდა და ერთ -ერთი დაშავებული მოსწავლე მოინახულა.
ვაკის პარკის შადრევანში 3 მოზარდს დღეს დენმა დაარტყა. 13 წლის გოგონა კლინიკაში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. 2 დაშავებული კი იაშვილისა და ნიუ ჰოსპიტალის კლინიკებში არიან გადაყვანილი.