კომპანია, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანზე ინსპექტირების 5 ანგარიში მოამზადა, შავ სიაშია - "რადიო თავისუფლება"

გამოქვეყნდა:

კომპანია, რომელმაც ვაკის პარკის შადრევანზე ინსპექტირების 5 ანგარიში მოამზადა, შავ სიაშია - ამის შესახებ ინფორმაციას "რადიო თავისუფლება" აქვეყნებს და შესაბამის დოკუმენტებს ავრცელებს. 

ვაკის პარკის შადრევანზე სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 2021 წლის ნოემბრიდან 2022 წლის სექტემბრამდე ინსპექტირების 6 ანგარიში არსებობს - მათგან 5 "სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს" ეკუთვნის. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ 2016 წელს რეგისტირებული კომპანია 2022 წლის აპრილში სახელმწიფო შესყიდვების სისტემის შავ სიაშია შეყვანილი, ტენდერის მოსაგებად ჩადენილი არაკეთილსინდისიერი ქმედების გამო.

სამშენებლო ექსპერტიზის ბიურომ ბორჯომის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებულ 420 000 ლარის ღირებულების ტენდერში 2022 წლის თებერვალში ექსპერტად წარადგინა ადამიანი, რომელიც გასული, 2021 წლის ოქტომბერში გარდაიცვალა. ბორჯომის მუნიციპალიტეტი ამ შესყიდვით ეძებდა კომპანიას, რომელიც ინფრასრუქტურული სამუშაოების ზედამხედველობა უნდა გაეწია. ის გარემოება, რომ ტენდერში მონაწილე კომპანია სახელმწიფოს გარდაცვლილი ექსპერტით სთავაზობდა მომსახურებას, ბორჯომის მუნიციპალიტეტისა და შესყიდვების სააგენტოსთვის ცნობილი გახდა სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს კონკურენტი კომპანიის საჩივრით.

კომპანიის ხელმძღვანელმა, ზურაბ ამირანაშვილმა "რადიო თავისუფლებას" უთხრა, რომ სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროს შავ სიაში შეყვანა არ გამხდარა იმის მიზეზი, რომ ვაკის პარკის შადრევანზე ბოლო, 29 აგვისტოთი დათარიღებული ინსპექტირების ანგარიში სხვა კომპანიამ, "მშენ ექსპერტმა" შეასრულა.

“ეგ რა შუაშია” - გვითხრა მან, როცა ვკითხეთ 2022 წლის თებერვალში შავ სიაში მოხვედრა იყო თუ არა მათი ჩანაცვლების მიზეზი და განგვიმარტა, რომ ხელშეკრულებას მათთან საექსპერტო მომსახურებაზე არა მერია, არამედ მერიის კონტრაქტორი კომპანია, “გრინსერვის+”-ი აფორმებდა ყოველი ინსპექტირებისთვის ცალ-ცალკე.

“ეგ გრინსერვისთან უნდა გაარკვიოთ [რატომ აღარ გააფორმა სამშენებლო ექსპერტიზის ბიუროსთან ხელშეკრულება]” - უთხრა რადიო თავისუფლებას ზურაბ ამირანაშვილმა.",- წერს რადიო თავისუფლება. 

ამასთან, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს სისტემის შავ სიაში კომპანია ერთი წლის ვადით ხვდება - ამ დროის გასვლის შემდეგ მას კვლავ შეუძლია სახელმწიფო ტენდერებში მონაწილეობა.

გამოცემის თანახმად, ვაკის პარკის შადრევნის რეაბილიტაციის სამუშაოების შემოწმებაში ჩართული იყო სამი ორგანიზაცია: თბილისის მუნიციპალური ლაბორატორია, სამშენებლო ექსპერტიზის ბიურო და მშენ ექსპერტი. ამ უკანასკნელს ეკუთვნის ბოლო, 29 აგვისტოთი დათარიღებული ინსპექტირების ანგარიში, 533 გვერდიანი დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც მერიამ მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა გრინსერვისთან და შესრულებული სამუშაოები გადაიბარა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი