ჯერ ახრჩობდა, შემდეგ კი ტუალეტში შეიყვანა და დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა - ამ სცენას ორი მცირეწლოვანი შვილი უყურებდა. უფროსი 6 წლის გოგო ბებიასთან გაიქცა, შველა რომ ეთხოვა. უმცროსმა წლინახევრის პატარამ დედის მკვლელობას თავიდან ბოლომდე უყურა - ეს საშინელებათა ფილმის სიუჟეტი არ არის, თელავში 6 დღის წინ მოხდა.
26 წლის მარიამ გამტკიცულაშვილი 22 წლის ქმარმა მოკლა. კაცმა, რომელიც მასზე ძალადობისთვის 3 ოქტომბერს პოლიციამ დააკავა, თუმცა რამდენიმე დღეში 2000 ლარიანი გირაოთი მოსამართლემ გაათავისუფლა.
ქალებს კლავენ და მათზე ძალადობენ იმისთვის, რომ ქალები არიან. საქართველოში ქალებზე ძალადობენ არა მხოლოდ ქმრები, არამედ ძმები და საკუთარი შვილებიც კი.
სახალხო დამცველის მონაცემებით, 2022 წლის პირველი იანვრიდან 31 აგვისტოს ჩათვლით, ქალის მკვლელობის 14 და მკვლელობის მცდელობის 23 შემთხვევაა ოფიციალურად დაფიქსირებული.
მასში არ შედის ბოლო პერიოდში მომხდარი ფაქტები. ამ სტატისტიკაში არ არიან ის ქალებიც, რომლებიც ვერ ბედავენ ხმამაღლა ისაუბრონ და ამხილონ მოძალადეები, რადგან ეშინიათ რომ მათ მოძალადე სამაგიეროს გადაუხდის, სახელმწიფო კი ვერ დაიცავს.