ქუთაისში ყველა ბაგა-ბაღის ხელმძღვანელს დეკემბრამდე საატესტაციო გამოცდის ჩაბარება მოუწევს. გამოცდები ბოლოს 7 წლის წინ ჩატარდა.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ ოცნებამ იმ ხელმძღვანელების დასჯა გადაწყვიტა, რომლებიც არჩევნებზე მმართველ გუნდს გვერდით არ დაუდგა. მათივე თქმით, მერია ცდილობს ძველი ხელმძღვანელები ხელისუფლებასთან დაახლოებული პირებით შეცვალოს.
"ორგანიზაცია ქალაქის მერმა გამოაცხადა ყველა ბაღზე. ამ თემას საფუძვლად უდევს 2021 წლის არჩევნები, როცა ბაღის თანამშრომლების უმრავლესობა ხახალეიშვილს დასაქმებული ჰყავდა საუბნო საარჩევნო კომისიებში, ამის მიუხედავად, მან უარყოფითი შედეგი მიიღო. ახლა ის ცდილობს დასაჯოს ის ადამიანები, რომლებმაც მას ხმა არ მისცეს შესაბამისად, შეეცდება ამ ადამიანების ჩანაცვლებას საკუთარი პარტიული კადრებით, - ამბობს გიორგი კილაძე, ენმ-ს ქუთაისის საკრებულოს წევრი.
ოპოზიციის ბრალდებებს ბაგა-ბაღების გაერთიანებაში უარყოფენ. ხელმძღვანელი დავით წიტაიშვილი ამბობს, რომ გამოცდები ჩვეულებრივი პროცედურაა, რომელიც 7 წელიწადში ერთხელ ტარდება.
"ჩვეულებრივი მომენტია, რომ ადამიანებს ატესტაცია და მათი შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება ჰქონდეს", - თქვა ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა.
თავად ბაღის ხელმძღვანელები საჯარო კომენტარს არ აკეთებენ, თუმცა პირად საუბრებში ამბობენ, რომ ისინი გათავისუფლების მოლოდინში არიან.