რა მოხდა? როგორ მივედით იქამდ,ე რომ სიცოცხლით სავსე ქალაქმა 13 წლის უდანაშაულო გოგონა მოკლა? სისტემური უპასუხისმგებლობა და ტოტალური კორუფცია - ეს არის მთავარი მიზეზები იმ ტრაგედიისა, რასაც 13 წლის მარიტა შეეწირა. ეს არ არის არც პოლიტიკური შეფასება, არც ემოციების გამოვლინება, არც უსაფუძვლო ბრალდება და სამწუხაროდ არც პირველი ფაქტი. ასეთ მძიმე დიაგნოზამდე მისასვლელად კი სულ თავიდან უნდა დავიწყოთ.
დაახლოებით 80 საათია გასული ამ ენით აღუწერელი ტრაგედიიდან. დაადგინა თუ არა გამოძიებამ ან ექპსერტიზამ რა მოხდა? არა. ჯერ არ ვსაუბროთბ იმაზე, ვინაა პასუხისმგებელი, ჯერ მარტივ კითხვას ვსვამთ, როგორ გადავიდა დენი წყალში? ესაა ამ საქმის მთავარი და ერთადერთი გასაღები. პროექტირების შეცდომა იყო? უხარისხო დეტალის? მშენებლის, რომელმაც სქემა ვერ წაიკითხა? გამომრთველმა არ იმუშავა? ტრანსფორმატორმა გააპარა? ყველა ამ კითხვის გადამოწმება ძალიან მარტივად შეიძლება. მაგრამ, ოფიციალურ გამოძებას პასუხი მაინც არ აქვს. არადა რა უნდა ამის გარკვევას? ელექტროობა ზუსტ გათვლებსა და დეტალურ სქემებს ეფუძნება.ამ ყველაფერში გასარკვევად კომპეტენციაა საჭირო. მშენებელს ან ზედამხედველს თუ ეს კომპეტენცია არ ჰქონდა, გამოძიებას ან ექპერტიზას ხომ მაინც უნდა ჰქონდეს?
არადა თუ გამოძიება მოხმდარის მიზეზს დაადგენს, ლოგიკურად მიადგება პასუხისმგებელ რგოლსაც. ჩავიხედოთ რა წერია საპროექტო და სამშენებლო დოკუმენტებში. დაახლოებით 800 გვერდამდე მასალა ჩვენ რამდენიმე დღის განმავლობაში სპეციალისტებთან ერთად გავიარეთ. პირდაპირ გეტყვით, რომ მათი ნაწილი ინტერვიუს თავს არიდებს, იმის გამო სახეზეა სისტემური უპასუხისმგებლობის და სავარაუდო ელიტური კორუფციის აშკარა მაგალითი. ორი თავი კი ამ ქვეყანაში არავის აქვს, გარდა გენპროკურორი შოთაძისა.
არადა სწორედ ვიღაცების მომხვეჭველობამ და საქმისადმი ზერელე დამოკიდებულებამ მოკლა 13 წლის მარიტა. ჯერ კიდევ პროექტირების ეტაპზევე უნდა გასჩენოდა ვინმეს კითხვა, შეიძლება 220 ვოლტიანი ცვლადი დენის აგრეგატების პირდაპირ წყალში ჩაგდება და საიზოლაციო ლენტით შეფუთვა? ან მშენებელმა რატომ არ იკითხა? რა საჭიროა ცვლადი დენის განათების ჩაყენება შადრევანში, როცა შედარებით უსაფრთხო გამოსავალი არსებობს? იმიტომ ხომ არა, რომ კონტრაქტორებს 400 000 ლარიანი დანაზოგი გაეკეთებინათ და ვიღაცას ეს ფული ჯიბეში ჩაედო? ან იქნებ ზედამხედევლს დაესვა საკითხი, როგორ შეიძლება განათებისა და კვების წყაროს გადაბმა პირდაპირ შადრევანში და რატომ არ გაიტანეს ეს სუსტი რგოლი სისველისგან და შესაბამისად რისკისგან გარეთ? ან იქნებ მერიას დაესვა კითხვა, რატომ იყო თავის დროზე, წლების წინ ტუმბოები და აგრეგატები გამოტანილი შადრევნის გვერდით და არა წყალში? ან ვინ გადაწყვიტა შადრევნისთვის იმ დამცავი ჯებირის მოხსნა, რომელიც იქ თითქმის ნახევარი საუკუნე იდგა? საჭირო კითხვები არავინ დასვა, არც პასუხისმგებლობა გამოიჩინა არავინ, არც მერიამ - როგორც დავალების გამცემა, არც პროექტის შემდგენმა, არც მშენებელმა გრინსერვისმა, არც მისმა კონტრაქტორმა, არც ექსპერტიზის ბიურომ, არც მონიტორინგის კომპანიამ, არც ეკოსერვისმა, არც მუნიციპლიტეტის ზედამხედველობის სამსახურმა. არავინ.
ამ გრძელი ჯაჭვის პირველი და ბოლო რგოლიც მერიაა... სულ ბოლოს, მერიამაც პროექტი ისე ჩაიბარა, და კალაძე ის სასწრაფოდ დადგა ახლად განათებული შადრევნის ფონზე და ოპონენტების ლანძღვას შეუდგა, რომ არც მერს და არც მის ხელქვეითებს ადამაინების უსაფრთხოება და სიცოცხლე არ გახსენებიათ.
ახლა კი ჩვენი ჟურნალისტური გამოძიება, რომლის შედეგად არა მხოლოდ ვაკის პარკის კასკადში ვიპოვეთ ფატალური შეცდომები, სასიკვდილო გადაბმები და შენელებული მოქმედების ნაღმები, არამედ დედაქალაქის სხვა ახლად რეაბილიტირებულ შადრევნებშიც. ამან კიდევ უფრო გაამყარა ვარაუდი, რომ საქმე სისტემურ დანაშაულთან გვაქვს. ტოტალურ კორუფციასთან, რომელიც მომავალშიც მოკლავს, თუ ასე გააგრძელებს. ასეთ სისტემურ კრიმინალზე კი პასუხს მისი შემქმნელები აგებენ უპირველეს ყოვლისა, და შემდეგ ის 5 თუ 6 რგოლი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამოგითვალეთ. მაშ ასე, რეალურად რა მოხდა 13 ოქტომბერს, ვაკის პარკში.