სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა ვაკის პარკის შადრევანზე - ირკვევა, რომ ობიექტზე აღმოჩენილია გაწყვეტილი და გადაჭრილი ელექტროსადენები, რომლებიც საიზოლაციო ლენტით იყო გადაბმული. ამასთან, არ არსებობდა დამიწება, ხოლო წყალში ჩაძირული ელექტრო მოწყობილობები დამცავი გარსის გარეშე იყო დატოვებული.
დედაქალაქის მერი ცდილობს პასუხისმგებლობა აირიდოს და ამბობს, რომ ყველაფერს გამოძიება დაადგენს.
"სამუშაოები განხორციელდა პროექტის შესაბამისობით, რაც იყო პროექტში მოცემული, აბსოლუტურად. ჩემთვის გაუგებარი იყო პირველივე დღეებში, როდესაც აღნიშნული საპროექტო კომპანია გამოვიდა და საუბრობდა, რომ თითქოს, ჩაძირული ტუმბოები არ უნდა ყოფილიყო, ძალიან მენიშნა და გაუგებარი იყო ჩემთვის, თითოეული თანამშრომლისთვის, რომ თითქოს, ჩაძურული ტუმბოები შადრევანში არ უნდა ყოფილიყო.
ყველაფერი გამოიკვეთება გამოძიების შედეგად. წინასწარ რაიმე განმარტებების გაკეთება, ვარაუდები, არასწორი იქნება. მით უმეტეს, ჩემი მხრიდან, ადამიანი, რომელიც დაინტერესებულია, რომ გაირკვეს სიმართლე"- ამბობს კალაძე.
საპროექტო კომპანია "ელემესის" დირექტორი, შალვა ქურიძე ამბობს, რომ მათ წარმოდგენა არ ჰქონდათ, რომ 220 ვოლტზე მომუშავე ტუმბო იქნებოდა შადრევანში დამონტაჟებული. "პასუხი გავეცი და თუ თვითონ არ ისვენებენ, დანარჩენს გამოძიება დაუდებს. ეტყობა, თავიდან იცილებენ პასუხისმგებლობას",- ამბობს ქურიძე.
გაწყვეტილი და გადაჭრილი ელექტროკაბელები, რომლებიც ჩვეულებრივი საიზოლაციო ლენტით იყო გადაბმული, დამიწების არარსებობა, წყალში ჩაძირული ელექტრო მოწყობილობები დამცავი გარსის გარეშე - ეს მხოლოდ მინიმალური ჩამონათვალია იმ დარღვევებისა, რომლებიც სამხარაულის ექსპერტებმა ვაკის პარკის აუზში დააფიქსირეს.
ამავე თემაზე: