წეროვანის დევნილთა დასახლებიდან 112-ში ბავშვის გატაცების შესახებ ზარი შევიდა. ირკვევა, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრში მე-6 კლასელმა დარეკა და ოპერატორს უთხრა, რომ სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან მისი კლასელის და გაიტაცეს.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა, ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცველები. მათ გამოკითხეს ზარის ავტორი და სხვა ბავშვები. ამოიღეს ვიდეოჩანაწერები და საბოლოოდ, ფაქტი არ დადასტურდა.
ამავდროულად, წეროვანში ვრცელდება ცნობები,რომ შუახნის მამაკაცი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე "ჯიპით" გადაადგილდება და ბავშვებს გაყოლის სანაცვლოდ ტკბილეულს ჰპირდება.
"ბავშვები ყვებიან, რომ მანქანა გააჩერა და შესთავაზა შოკოლადი. უთხრა ბავშვმა, რომ არ უნდოდა შოკოლადი და მერე უთხრა, რომ სხვა მანქანით გაასეირნებდა. შავი ჯიპიაო ამბობენ ბავშვები" - ამბობს ერთ-ერთი მშობელი.
მშობლები პანიკაში არიან, სკოლის დირექტორი კი ამბობს, რომ მომხდარი მხოლოდ ბავშვების წარმოსახვის ნაყოფია.
"აღმოჩნდა, რომ გოგონა, რომელზეც ეს ითქვა, ჩვენსავე სკოლაში შენობიდან გაუსვლელად შემაჯამებელი დავალების აღდგენას წერდა მასწავლებლის თანდასწრებით. მე დავურეკე მშობელს და ჩვენ იღბლად ამ მასწავლებელმა ფოტო გადაუღო ბავშვს, რომ ნახა, რომ რამდენჯერმე მოვიკითხეთ, იყო თუ არა ადგილზე. გამოჩნდა მერე მოსწავლე, რომელმაც თქვა, რომ შავი ჯიპით შოკოლადს და მანქანაში ჩაჯდომას სთავაზობდა. ახალ წრეზე დავიწყეთ მოკვლევა. გავიდა გარკვეული მომენტი, პოლიციამ სამივე მარკეტიდან სკოლის მიმდებარედ ამოიღო კამერის ჩანაწერები და გოგონას მოუწია ეღიარებინა, რომ ეს მოიგონა",- ამბობს ირმა ტატიშვილი, წეროვანის მესამე საჯარო სკოლის დირექტორი.
გომელაურის უწყებაში ამბობენ, რომ გატაცების ფაქტი არ დასტურდება.