საქართველოში მყოფი უკრაინელი ლტოლვილები დახმარებას ითხოვენ - "მთავარ არხთან" ისინი ჰყვებიან, რომ ქვეყანაში აპრილიდან იმყოფებიან და სხვადასხვა უწყებებს დახმარების მისაღებად უშედეგოდ ეკონტაქტებიან.
უკრაინელი ლტოლვილები ამბობენ, რომ მათთვის საარსებოდ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ დახმარება მისცეს, რადგან საქართველოში არასრულწლოვან შვილებთან ერთად არიან ჩამოსულები და საცხოვრებლად შესაბამისი პირობები არ აქვთ.
უკრაინელი ლტოლვილები დასახმარებლად საქართველოს პრემიერმინისტრს მიმართავენ.
"შესაბამის უწყებას დახმარებისთვის მივმართე, განცხადება 3 თვის წინ დავწერე, თუმცა მას შემდეგ რეაგირება არ მოჰყოლია. ახლა დროებით სასტუმროში ვცხოვრობთ, სახლს ვერ ვქირაობთ, ასევე ძალიან გვიჭირს ბავშვების გამოკვება, აქ 85 ოჯახი ვცხოვრობთ, მათ შორის 25 ბავშვია. არანაირ პასუხს არ გვცემენ, აცივდა და ბავშვებისთვის ტანსაცმელსაც ვერ ვყიდულობთ, რადგან ამის სახსრები არ გვაქვს", - თქვა სვეტლანა ტიმიაკინმა.
"არ ვიცი, რატომ იქცევიან ასე და რატომ არ გვეხმარებიან. უკრაინიდან ბავშვებთან ერთად რამდენიმე თვის წინ ჩამოვედი. ბავშვები სკოლაში დადიან, მათ ბევრი რამ სჭირდებათ, თუმცა ამისთვის თანხები არ გაგვაჩნია, საუბარი ელემენტარულზეა, საკვებსა და ტანსაცმელზე", - ამბობს ალექსანდრ ბლუვშტეინი.
"უკრაინიდან აპრილში ჩამოვედი და მას შემდეგ ველოდები საქართველოს ხელისუფლების მხრიდან დახმარებას, თბილისის მერიას არაერთხელ მივმართე, ძალიან მჭირდება დახმარება, სამი ბავშვით ჩამოვედი და მეოთხეზე ვარ ორსულად. რთულ მდგომარეობაში ვარ, მივმართე სოციალური დახმარების სააგენტოსაც, მითხრეს, რომ 20 დღის ფარგლებში დამეხმარებოდნენ, თუმცა რეაგირება არ მოჰყოლია, ცხელ ხაზზეც დავრეკე, პასუხად მხოლოდ ის მივიღე, რომ სიაში არ ვიმყოფები", - ამბობს მთავართან სამირა რამაზანოვმა.