გაზრდილი საფრთხე, რომელიც ხელისუფლების უმოქმედობის ფონზე ქვეყნისთვის შესაძლოა კატასტროფის ტოლფასი აღმოჩნდეს. კვლევები ადასტურებს, რომ საქართველოს ეკონომიკა, რომელიც მჭიდროდ იყო დაკავშირებული საოკუპაციო რეჟიმთან, ბოლო 9 თვის განმავლობაში კიდევ უფრო დამოკიდებული გახდა კრემლზე.
წინა წლის ანალოგთან შედარებით 160 პროცენტით არის გაზრდილი და 2 მილიარდზე მეტს შეადგენს რუსეთიდან შემოსული თანხა, რომელიც ფულად გზავნილებთან ერთად ექსპორტსა და ტურიზმსაც მოიცავს. და რაც მთავარია, მხოლოდ წელს, საქართველოში 10 ათასამდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა და ეკონომიკის რამდენიმე სტრატეგიული სექტორი სრულიად ოკუპანტ სახელმწიფოზე დამოკიდებული გახდა.