ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდის მოსახლეობა სკოლის რეაბილიტაციის გაჭიანურებას აპროტესტებს. ადგილობრივები რეაბილიტაციის დასრულების მოთხოვნით დღეს სკოლასთან შეიკრიბნენ.
მათი თქმით, სოფელი ორი წელია, სკოლის გარეშეა დარჩენილი და ბავშვები სხვადასხვა კერძო შენობებში არასათანადო პირობებში სწავლობენ. ისინი რეაბილიტაციის დროულ დასრულებას მოითხოვენ.
მშობლებს მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლები და მუნიციპალიტეტის მერი შეხვდნენ. მათი თქმით, სამუშაოების პროცესში გაუთვალისწინებელი პრობლემები გამოჩნდა, კვლევების გამო კი სამუშაოები გახანგრძლივდა. მათივე თქმით, დასკვნის შემდეგ სამუშაოები განახლდება და შესაბამის ვადებში დამთავრდება.
“დაუსრულებელი სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ გორდში. დღეს-ხვალ, დღეს-ხვალ იძახიან, თუმცა სამუშაოები ისევ დაუსრულებელია. 6 თვეა, ადგილზე მუშა არ გამოჩენილა, დღეს გაიგეს ჟურნალისტები მოდიანო და მუშები მოიყვანეს. ხონის მერი გვატყუებდა, სამუშაოები დასკვნით ეტაპზეაო”,- აცხადებენ ადგილობრივები.
სკოლის რეაბილიტაცია 2020 წელს დაიწყო და 2022 წლის აპრილში უნდა დასრულებულიყო.