გორში, სხვადასხვა სკოლის მოსწავლეების სავარაუდო გატაცების მცდელობის რამდენიმე ფაქტი დაფიქსირდა, - ამის შესახებ ისტორიებს არასრულწლოვანები ჰყვებიან.
როგორც ისინი ამბობენ, სკოლების ტერიტორიაზე ჩერდებიან უცნობი პირები და მათ ავტომობილებით გაყოლას ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ. ერთ-ერთი მოსწავლე ჰყვება, რომ უცნობი პირი მას მაშინ მიუახლოვდა როცა სკოლიდან სახლში ბრუნდებოდა და უთხრა, რომ სახლში უნდა წაეყვანა, ბავშვის დედის თხოვნითვე.
"მეორეკლასელს ეუბნებოდა მანქანაში ჩამიჯექიო, გაჭმევ და მერე წაგიყვანო, ბავშვი მერე გამოიქცა კლასში. სახე ბენდენებით ჰქონდათ დაფარული, ოთხი კაცი იყვნენ," - ამბობს ერთ-ერთი სკოლის მოსწავლე.
მსგავს ისტორიას ჰყვებიან სხვა არასრულწლოვანებიც, რომლებიც ამბობენ, რომ საეჭვო ადამიანები თეთრი ფერის მანქანით გადაადგილდებოდნენ და ბავშვებს ფულს სთავაზობდნენ.
სკოლების დირექტორები ჯერ-ჯერობით გავრცელებულ ინფორმაციებს არ ადასტურებენ, თუმცა გატაცების მცდელობებზე საუბრობენ მოსწავლეების მშობლები.
"ბავშვს აედევნნენ, ადევნების შემთხვევა იყო და ჩვენ ასეთი გაფრთხილება მივიღეთ, რომ ყველა მშობელი საკუთარ შვილს უნდა დახვდეს. ამის არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა. მესამე კლასელ ბავშვსაც აედევნნენ და მეტი არაფერი არ ვიცი," - ამბობს ერთ-ერთი მშობელი "მთავარ არხთან" საუბრისას.
სკრის საჯარო სკოლის დირექტორი, ლანა ფერაძე ამბობს, რომ სასწავლო პროცესის დროს მსგავსი ფაქტი არ დაფიქსირებულა.
"პანიკა შესაძლებელია გამოწვეული იყოს ტელევიზიებიდან, სიუჟეტებიდან, რაც ზოგადად არის ამ ქვეყანაში გავრცელებული. თუმცა, უსაფრთხოებას რაც შეეხება ჩვენი სკოლა ყოველთვის აცილებს მოსწავლეებს ეზოს კარამდე და იქ ხვდებიან მშობლები საკუთარ შვილებს," - განაცხადა სკოლის დირექტორმა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ასეთი ცნობები, გორის მსგავსად, სხვადასხვა რეგიონებიდანაც ვრცელდება, ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გადაწყვიტა, პრევენციის მიზნით ორ-ორი პოლიციელი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაეყენებინა, რომლებიც იქ არსებულ სიტუაციას დააკვირდებიან.