"ჯორიც მყავს მონასტერში, ჯორითაც დავდივარ, ტრაქტორითაც დავდივარ და კამაზით - ამაზეც ისაუბრეთ მაშინ. რაც საჭიროა იმას საქმისთვის ვიყენებ და არა კომფორტისთვის" - განმარტავს მეუფე სვიომეონი, რომელსაც 120 ათას დოლარიანი ტოიოტა ლენდკრუიზერი ჰყავს. სურამისა და ხაშურის ეპისკოპოსი ამტკიცებს, რომ 2022 წლის გამოშვების ეს ძვირადღირებული ავტომანქანა მრევლმა აჩუქა.
იგივე მოდელის 120 ათას დოლარიანი ავტომანქანა ჰყავს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსს. მეუფე გიორგიმ ის რამდენიმე თვით ადრე იყიდა ვიდრე მეუფე სვიმეონმა.
უფრო შთამბეჭდავია და სინოდის ვერცერთი წევრის ავტოპარკი ვერ შეედრება ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტის საბა გიგიბერიას ავტომობილების კოლექციას. მაღალი სამღვდელო იერარქი მილიონ ლარამდე ღირებულების სხვადასხვა მოდელის მანქანებს ფლობს. 2020 წლის ლენდ კრუიზერი, დამატებით კიდევ 3 ტოიოტა - ჰაილუქსი თეთრი; ლენდ კრუიზერი შავი და ჰაილუქსი მუქი ვერცხლისფერი, კია სპორტიჯი - მუქი ვერცხლისფერი, მერსედესი ორი - ვერცხლისფერი და მუქი ვერცხლისფერი. მეუფე ამბობს, რომ ყველა ამ მანქანას თავისი ისტორია აქვს, საჩუქრად იღებს მისი თითქმის 26 წლიანი ღვთისმსახურების გამო.
მეუფეების ძვირადღირებულ გატაცებას ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტი გამოესარჩლა. მეუფე ანტონმა მედიას შეუტია - რატომ იძენთ უახლეს აპარატურებს, ერთი ხელი ტანსაცმლით წაიყვანეთ ტელეგადაცემები, დანარჩენი მოახმარეთ ქვრივ-ობოლთ... ჩაგეცინათ?