"გაზს არჩევნებამდე არ ჩავრთავთო, ხალხს უყურებენ, როგორც ნახირს" | პროტესტი ატენის ხეობის სოფლებში 

გამოქვეყნდა:

ატენის ხეობის სოფლებში წედისა და ბნავიში ადგილობრივები სოფლებში არსებულ სხვადასხვა პრობლემებს აპროტესტებენ და დახმარებას ითხოვენ. ისინი ამბობენ, რომ ხელისუფლებამ სოფლებში ბუნებრივი აირის სისტემა 2 წლის წინ გაიყვანა, თუმცა ის სოფლებში მცხოვრებლებს არ მიეწოდებათ.

ადგილობრივების თქმით, ხელისუფლება არჩევნებს ელოდება, რათა ხეობაში დამატებითი პოლიტიკური ქულების დაწერა შეძლონ. 

"წელიწადზე მეტია ეს გაყვანილობა არსებობს, ნახევარ წელიწადზე მეტი, პირდაპირი გაგებით, ტალახში აცხოვრეს ადამიანები, ისე რომ ხალხს ნორმალურად სახლში შესვლა არ შეეძლო, ვითომ დამთავრდა ეს, დატესტეს, თქვეს, რომ იქ წნევა კარგია. ახლა, ვისაც ჰქონდა პირადი კონტაქტი და ვინც ესაუბრა, ეუბნებიან, რომ არჩევნებამდე არ ჩავრთავთო. ხალხს უყურებენ, როგორც ნახირს", - თქვა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

გარდა გაზისა სოფელში მწვავედ დგას სასმელი წყლის პრობლემებიც. მიუხედავად იმისა, რომ წყლის გაკეთებაზე ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასობით ათასი ლარი დაიხარჯა, ის კვლავ უვარგისია. მოქალაქეები ასევე სოფელში ტრანსპორტისა და მესაქონლეობის პრობლემებზე საუბრობენ. როგორც ისინი ამბობენ, სოფელში მიწები გასხვისებულია და ის ხელისუფლების უმაღლესმა პირებმა იყიდეს.

ატენის ხეობაში მოსახლეობამ დღეს გამაფრთხილებელი აქცია გამართა, მათი თქმით, იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნები დროულად არ იქნება გათვალისწინებული, ისინი უფრო ფართომასშტაბურ აქციას გამართავენ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი