ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი 14 პაციენტის ტესტის პასუხები კორონავირუსზე, ჯერჯერობით, უცნობია.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ის ვარაუდობს, რომ ამ პაციენტების შემთხვევაშიც ტესტის პასუხი ნეგატიური იქნება.
„დღეს დილით ჩვენ გვყავდა 13 პაციენტი, დღის განმავლობაში კიდევ დაგვემატა რამდენიმე, დღეს დილით მოხდა პაციენტებზე ტესტის აღება კორონავირუსზე. ვინაიდან 14 პაციენტი იყო, ძალიან გაძნელდა ტესტების შეგროვება ერთდროულად იმიტომ, რომ თითოეული ტესტის აღებას თითოეულ პირზე აქვს გარკვეული პროტოკოლური შევსება და დრო, ამიტომ ძალიან გაიწელა ამ 14 პაციენტზე ტესტების აღება და დაახლოებით, 2-3 საათი იყო, როცა მორჩა მთელ ამ 14 პაციენტზე პროტოკოლის შევსება და ტესტების აღება და წაღება. აქედან გამომდინარე, ჯერ ვერ დამთავრდა ანალიზის ბოლომდე დასრულება და პასუხები ჯერ არ გვაქვს ხელზე, ალბათ 1 ან 2 საათი შეიძლება დასჭირდეს ტესტის მოწოდებას ჩვენთვის, ზუსტად მე ვერ გეტყვით დროს. სანერვიულო არაფერი არ გვაქვს. პაციენტების ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ტემპერატურა ნორმალურია, გამორიცხულია პნევმონია, კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ აღინიშნება არცერთთან, დღის განმავლობაში მათი მდგომარეობა არის სტაბილური. დიდი ალბათობით, ამ შემთხვევებშიც ტესტი შედეგი იქნება ნეგატიური“, - განაცხადა საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა.
რამდენიმე წუთის წინ კი ინფექციურ საავადმყოფოსთან ინციდენტი მოხდა. ირანის მოქალაქე, რომელიც ამტკიცებდა, რომ კორონავირუსი არ აქვს და კლინიკიდან გაწერეს, ექიმებმა ბოქსირებულ განყოფილებაში ძალის გამოყენებით დააბრუნეს.