გორის მუნიციპალიტეტის, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ დიცის მაცხოვრებლები სოფლის მიწების გასხვისებას აპროტესტებენ.
ადგილობრივი მოსახლეობა დღეს სოფლის ცენტრში შეიკრიბა და ხელისუფლების წარმომადგენლების ჩამოსვლა მოითხოვა. ისინი მთავრობას მოუწოდებენ, რომ შეასრულონ ის დაპირებები, რომლებსაც 2012 წლიდან გასცემდნენ.
სოფლის მაცხოვრებლები ამბობენ, რომ მათი მიწების დიდი ნაწილი ოკუპაციას შეეწირა და ახლა ხელისუფლება დარჩენილ სარეზერვო მიწებსაც ართმევს. მოსახლეობა ამბობს, რომ მიწები საძოვრებად უნდათ, რაც მათი შემოსავლის წყაროა.
"იქიდან ოკუპაცია რუსები და სეპარატისტი ოსები გვაწუხებენ, აქედან მთავრობა გვიყიდის მიწებს და არ გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენო ოჯახები გამოვკვებოთ და საქონელი ვიყოლიოთ. თუ საქონელი არ ეყოლება ხალხს, რა უნდა ვაკეთოთ სოფელში. მოთხოვნა არის ხალხის, რომ სახელმწიფომ დააშავა, სახელმწიფომ გაგვიყიდა მიწები და ის სახელმწიფო ვალდებულია, რომ დაგვიბრუნოს. პასუხისმგებლობა არის ამ მთავრობის", - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
პროტესტის ადგილზე ჯერ-ჯერობით სიმშვიდეა, ადგილზე რჩებიან სამართალდამცველები.