უდიდესი ტკივილი და განსაცდელი წესით ის მომენტი უნდა იყოს, როცა ერიც და ბერიც ერთად უნდა იდგეს, როცა ტრაგედიას კათარზისი უნდა მოჰყვეს... ცხრამუხის დედათა მონასტერში მომხდარი შემზარავი ფაქტი ნამდვილად ასეთ განსაცდელს მიეკუთვნება. თითქოს შეუძლებელია ამ შემთხვევაში ვერ დაინახო დანაშაული, ვერ დაინახო რეალური დამნაშავე და ვერ დაარქვა შავს შავი.
თუმცა ამ ტრაგედიაზე არანაკლებ ტრაგიკული აღმოჩნდა განცხადება, რომელიც ეკლესიის სახელით საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსმა გაავრცელა. მამა ანდრია ჯაღმაიძემ აი ამ გაუგონარ დანაშაულში ბრალი ჟურნალისტებს დასდო, კონკრეტულად კი მთავარ არხს, ტვ პირველს და ფორმულას.
ლევან ვასაძის კარის მოძღვრის ამ თავდასხმაში ადვილად იკითხება ხელისუფლების პროპაგანდისტული ტაქტიკა, დააბრალე ყველანაირი სიბინძურე და შემდეგ თავი იმართლონ. ანდრია ჯაღმაიძის ეს ფორმულირება გაიმეორა ხაშურის მიტროპოლიტმაც, თითქოს ყაჩაღური თავდასხმა და სექსუალური ძალადობა შედეგი იყოს იმ კითხვებისა, რაც ჟურნალისტებმა დასვეს მის 220 000-ლარიან მანქანასთან დაკავშირებით.
ერთია, რომ სასულიერო პირების ამ ნაწილმა ცილისწამების გზა აირჩია, მაგრამ იქვე იკითხება მუქარის ქვეტექსტიც. და რაც კიდევ უფრო საშიშია, ეკლესიის სახელით გაკეთებული ეს განცხადებები საზოგადოებას გაერთიანების მაგივრად ხლეჩს, აღვივებს სამოქალაქო დაპირისპირებას და ნაცვლად კათარზისისა, ადამიანებით მანიპულირებას ცდილობს.