მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თექალის მოსახლეობა აქციას მართავს. ადგილობრივების თქმით, მათ მიერ, წლების განმავლობაში გამოყენებული სასოფლო-სამეურნეო მიწები მთავრობამ გაყიდა.
მოსახლეობა ამბობს, რომ აღნიშნული მიწის ნაკვეთებით ისინი წლების განმავლობაში სარგებლობდნენ და გადასახადებსაც იხდიდნენ, ახლა კი მათივე თქმით, ტერიტორიების დათმობის სანაცვლოდ, 5-6 კმ-ის მოშორებით მდებარე მიწის ნაკვეთებს სთავაზობენ, რაც მოსახლეობისთვის მიუღებელია.
"ამ მიწებს ჩვენ არავის დავუთმობთ. აქ ტექნიკა ვერ შემოვა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მოვკვდებით, მაგრამ აქ არავის შევუშვებთ. გვემუქრებიან და გვეუბნებიან რომ უნდა გავიდეთ, მაგრამ ჩვენ მუქარის არ გვეშინია. წლებია ამ მიწებით ბავშვებს ვზრდით და ოჯახებს ვინახავთ და დღეს გუბერნატორი გვეუბნება, რომ გადი მიწებიდან და სხვაგან მოგცემთო მიწებს, სადაც წყალიც არ არის და კილომეტრებით დაშორებულია ამ სოფელს. ჩვენ ეს მთავრობა იმიტომ ავირჩიეთ რომ მერე ჩვენი მიწები წაგვართვან და უცხო ხალხს მისცენ? არავის არ მივცემთ უფლებას რომ ჩვენი შვილების ლუკმა ხელიდან გამოგვტაცონ, ეს ყველამ გაიგოს" ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
ადგილობრივები ამბობენ, რომ მიწის პრივატიზებასთან დაკავშირებით მთავრობას არაერთხელ მიმართეს, დაპირებაც მიიღეს, თუმცა როგორც ამბობენ, პრობლემის მოგვარების დაპირების სანაცვლოდ, ტერიტორიები გაუყიდეს.