მოსალოდნელია კომა და გარდაცვალება - ამას ამბობენ ის ექიმები, რომლებმაც პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თვეების განმავლობაში შეისწავლეს და მძიმე დასკვნებამდეც მივიდნენ. მართალია საპირისპიროს ამტკიცებს იუსტიციის სამინისტრო და "ქართული ოცნება", მაგრამ ფაქტია, რომ ბოლო სასამართლოზე მესამე პრეზიდენტს დასწრების საშუალება არ მისცეს, და შესაბამისად საზოგადოებას არ მისცეს შანსი, საკუთარი თვალით ენახა და შეეფასებინა ვინ იტყუება და ვინ აზვიადებს.
აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ მესამე პრეზიდენტი ერთადერთი გამონაკლისია პენიტენციურ დაწესებულებაში, რომელსაც აკრძალული აქვს ტელეფონით სარგებლობა.
სააკაშვილს რომ უკვე დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი უჭირს, დღეს კიდევ ერთხელ გამოჩნდა, როცა გაირკვა, რომ მას გაურკვეველი წარმომავლობის სისხლჩაქცევები აქვს, სავარაუდოდ წაქცევისგან მიღებული. არის თუ არა მისი ჯანმრთელობის გაუარესებული მდგომარეობა საკმარისი მიზეზი სასჯელის გასაუქმებლად ან გადასავადებლად - სააკაშვილის ადვოკატი ვარაუდობს, რომ სასამართლო ამაზე უკვე მომდევნო კვირას იმსჯელებს და იმედოვნებს, რომ მოსამართლე ობიექტურ რეალობას გასუწორებს თვალს.
მანამდე კი მაია ლომიძე იმ ვიზიტორებს შეხვდა და გაესაუბრა, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ მესამე პრეზიდენტი ბოლო დღეების განმავლობაში მოენახულებინა. რას ყვებიან ისინი, რა ხდება ოთახში, რომელსაც ციხის საკანი უფრო ეთქმის, ვიდრე საავადმყოფოს პალატა და როგორ იქცა მესამე პრეზიდენტი კაცად, რომელსაც ვეღარ იცნობთ.