ორი განსხვავებული რეალობა გორში - ადგილობრივი ხელისუფლება ახალ წელთან შეხვედრას პომპეზურად აპირებს, ხალხი კი გადარჩენისთვის იბრძვის.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ საახალწლო ღონისძიებებისთვის 340 ათასი ლარი გამოყო. საკრებულოს "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა ინიციატივას მხარი ერთხმად დაუჭირეს. პროტესტის ნიშნად სხდომაზე მონაწილეობა არ მიუღია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას".
გორში მოსახლეობა მძიმე სოციალურ ფონსა და გაჭირვებაზე საუბრობს, გორის საკრებულოს თავმჯდომარე, კი ამბობს, რომ ახალი წლის აღნიშვნა აუცილებელია.
"ეს თანხა შეიძლება მთლიანად არც დაიხარჯოს, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ახალი წელის ისეთი არის რომ ყველას უნდა - იქ ავადმყოფია, გაჭირვებულია, ყველა იყენებს ამ ახალ წელს და წელიწადში ერთხელ... სულ რომ ცუდზე ვიფიქროთ, ვიღაცას პრობლემა აქვს, კი ბატონო, იმასაც უნდა მივეხმაროთ, მაგრამ ვფიქრობ, აუცილებელია ასეთი დღესასწაულების აღნიშვნა", - თქვა დავით რაზმაძემ.
მძიმე სოციალურ პირობებზე საუბრობენ ენმ-შიც. გორის საკრებულოს "ნაციონალური მოძრაობის წევრი" ახალი წლის ღონისძიებაზე დახარჯულ თანხას გაფლანგულს უწოდებს და ვარაუდობს, რომ თანხა "ოცნების" ჩინოვნიკებსა და მათთან დაახლოებულ პირებში გადანაწილდება.
"მაშინ, როცა მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ნახევარზე მეტი, სოციალურად დაუცველია, მაშინ, როცა სკოლებში სასწრაფოს გამოძახება ხდება საჭირო ბავშვების შიმშილის გამო, სირცხვილია, როცა შენ მერი ამხელა თანხას, 340 ათას ლარს საახალწლო ღონისძიებებში ხარჯავ და ფლანგავ... ჩვენ საფუძვლიანი ეჭვი გვაქვს, რომ ეს თანხა გადანაწილდება ჩინოვნიკებსა და ქართულ ოცნებასთან დაახლოებულ დაბალი გემოვნების მომღერლებში", - თქვა ნანა ლოთიშვილმა.