დეკანოზ მამალაძის სასამართლო პროცესი გადაიდო. დღევანდელ სხდომაზე გიორგი მამალაძის სასჯელის გადავადებაზე უნდა ემსჯელათ.
პროცესის გადადების მიზეზად მსჯავრდებულის მხრიდან პროცესზე დასწრებაზე უარის თქმა გახდა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, სასამართლო სხდომები ამის შემდეგ არა სასამართლოში, არამედ პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდება.
დეკანოზის ძმა, თორნიკე მამალაძე მოსამართლეს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებს და ამბობს, რომ დეკანოზის ინიციატივა არ ყოფილა სასამართლო სხდომების სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გამართვა.
ჩვენ დაგვიკავშირდა მოსამართლის თანაშემწე და გვითხრეს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გადმოყვანა ვერ მოხდა, მაგრამ მოსამართლემ გადაწყვეტილება შეცვალა და გადააბრალა ჩემს ძმას, ეს არის ტყუილი, რადგან ჩემმა ძმამ გუშინ არ იცოდა, რომ დღეს სასამართლო სხდომა ჰქონდა. სასამართლო აგრძელებს სამი წლის წინანდელ უკანონობას“, - განაცხადა მამალაძემ.
სასამართლოში ასევე იმყოფებოდა მეუფე პეტრე, რომელმაც კიდევ ერთხელ გააკრიტიკა საპატრიარქო იმის გამო, რომ დეკანოზს თავიდანვე არ უშუამდგომლა.
უსინდისო და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება პენიტენციური დაწესებულების მხრიდან. თავიდანვე ვამბობდი, რომ საპატრიარქოს შეეძლო ერთი წლით ეშუამდგომლა პრეზიდენტისთვის, მაგრამ ასევე, ალტერნატიული, პირველი ნოემბრიდანვე შეეძლო, მართალი საპატრიარქოს, გულწრფელი საპატრიარქოს და პატრიარქის შემთხვევაში, ასევე მათ უნდა მიემართათ იუსტიციის სამინისტროსა და სასამართლოსთვის, მამა გიორგის სამკურნალოდ საპყრობილიდან გამოსაყვანად, რაც არ გვაქვს. აქედან გამომდინარე, ცხადია, თუ რამდენად არასამართლიანი, ცრუ და არაგულწრფელი პატრიარქი და საპატრიარქოს ხელშია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია“ - განაცხადა მეუფე პეტრემ.
სასამართლოს დეკანოზის ჯანმრთელობიდან გამომდინარე, სასჯელის გადავადების შუამდგომლობით ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა მიმართა.
დეკანოზ მამალაძეს თბილისის საქალაქო სასამართლომ 9-წლიანი პატიმრობა 2017 წლის 5 სექტემბერს მიუსაჯა. სასამართლომ დეკანოზი პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ. დეკანოზი ბრალს არ აღიარებს.