რა მეთოდით განახლდება სწავლა ჯერ კიდევ უცნობია - ხელისუფლებას კონკრეტული გეგმა არ აქვს

გამოქვეყნდა:

სწავლის დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ხელისუფლებას არ აქვს კონკრეტული გეგმა, როგორ განახლდება სწავლა სკოლებში. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მოსწავლეები სკოლაში 15 სექტემბერს მივლენ, მაგრამ სასწავლო კვირიდან რამდენიმე დღეს, ონლაინ ისწავლიან. იმ პირობებში, როცა შერეული სწავლების სტანდარტი დანერგილი არ არის, მშობლები ფიქრობენ, რომ შვილები ამ სისტემით შესაბამის განათლებას ვერ მიიღებენ.

მშობლების აზრს საფუძვლიანად თვლის განათლების საკითხების ექსპერტი. თამარ მოსეშვილი დარწმუნებულია, რომ ვერც ონლაინ და ვერც შერეული სწავლებით, მოსწავლეები პროგრამის დაძლევას ვერ შეძლებენ. განსაკუთრებით კი, სოციალურად დაუცველები დაზარალდებიან.

დღეს, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრის მოადგილეების განცხადებებმა აჩვენა, რომ ხელისუფლება ამ დრომდე ვერ ჩამოყალიბდა, როგორ მიიღებენ განათლებას მოსწავლეები. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ შერეული სწავლება განიხილება, თუმცა დაზუსტებით ვერაფერს ამბობს. განათლების მინისტრის მოადგილის გავრცელებულ განცხადებაში კი ნათქვამია, რომ სწავლა 15 სექტემბერს საკლასო ოთახებში განახლდება, თუმცა ეკატერინე დუგლაძე ფიქრობს, რომ ყველაფერი მაინც ეპიდვითარებაზე იქნება დამოკიდებული. 

შერეული სწავლების მეთოდი რომ აქტიურად განიხილება, ამას ინფექციონისტი მარინა ეზუგბაიაც ადასტურებს. მისი თქმით, ეს სისტემა მოსწავლეების კოვიდინფექციისგან დაცვას უფრო ეფექტურს გახდის.

ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება კოვიდპანდემიის საკითხით მანიპულირებს. არ გამორიცხავენ, რომ მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას ან შეზღუდვების გამკაცრებას აპირებს. სწორედ ამიტომ, სწავლის დაწყებამდე თვენახევრით ადრე კონკრეტული გადაწყვეტილების გამოცხადებისგან თავს იკავებენ. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ მმართველ გუნდს არც შერეული ონლაინსისტემით სწავლების სტანდარტი აქვს შემუშავებული და არც გეგმა, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონის მოსწავლეებისთვის მისაღები იქნება. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, განათლების სამინისტრომ სკოლის დირექტორებს უკვე მოსთხოვა გაეწერათ გეგმა, როგორ იმოქმედებენ შერეული სწავლების შემოღების შემთხვევაში. რამდენიმე დღის წინ, "მთავარი არხის" ეთერში გასულ რეპორტაჟში სკოლის დირექტორებმა გვითხრეს, რომ მენეჯმენტისთვის ახალ  სისტემაზე მორგება ურთულესი ამოცანაა. მათ მოსწავლეთა ნაკადის გადანაწილება რამდენიმე ცვლაში ისე მოუწევთ, რომ პედაგოგებს თან შრომა არ გაუორმაგდეთ, რადგან სამინისტრო ხელფასების მომატებას არ აპირებს. როდის გამოაცხადებს კონკრეტულ გადაწყვეტილებას განათლების მინისტრი ამ დრომდე უცნობია.  

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი