ჭიათურა საბაგიროების გარეშე - დაკარგული 40 მილიონი

გამოქვეყნდა:

მოძველებული საბაგირო ტრასა, ჟანგმოკიდებული გონდოლები, საბაგირო გზებით გამორჩეული ჭიათურა დღეს ასე გამოიყურება, არადა ახლა ჭიათურის ნომერი პირველი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ათასობით ადგილობრივი უნდა სარგებლობდეს. ერთ დროს ხალხმარავალი საბაგირო სადგურები დღეს მძიმე სანახავია. ერთ წელზე მეტია ქალაქის თორმეტი საბაგირო ტრასა ადგილობრივებს აღარ ემსახურება. 

გასულ საუკუნეში, პირველი სამგზავრო საბაგირო გზა, სწორედ ჭიათურაში აშენდა. ქალაქის მთავარმა ტრანსპორტმა მუშაობა 2016 წელს, სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზნით შეაჩერა. საფრანგეთის მთავრობისგან ნასესხები ვალით, 40 მილიონით, საქართველოს მთავრობამ ახალი საბაგიროების განახლება  2019 წელს დაანონსა. პროექტის მიხედვით, ჭიათურაში ახალი საბაგირო ხაზები, ხოლო ქალაქის ცენტრში სატრანსპორტო ჰაბი უნდა მოწყობილიყო, თუმცა ხელისუფლებამ ახალი საბაგიროებისთვის, არც 40 მილიონი დახარჯა და სად წაიღო ნასესხები ფული ესეც უცნობია. ჭიათურელები, რომლებიც ტრანსპორტის ამუშავებას დღემდე უშედეგოდ ელიან, საქართველოს დანარჩენ მოქალაქეებთან ერთად საკუთარი ჯიბიდან გაისტუმრებენ შეუსრულებელი პროექტის დავალიანებას. 

საბაგიროების განახლება მთავრობამ ბიძინა ივანიშვილთან დაახლოვებულ კომპანია დაგის ჩააბარა. კომპანიამ პასუხისმგებლობა 2016 წელს აიღო, თუმცა მას ნაკისრი ვალდებულება არც ოთხი წლის შემდეგ  შეასრულა. დაწყებული სამუშაოები დიდი ხანია შეჩერებულია. მიტოვებულია კომპანიის სადგურებიც. რატომ არ განხორციელდა პროექტი და სად წავიდა ნასესხები 40 მილიონი, "მთავარი არხი" ამ კითხვების დასასმელად ჭიათურის მერთან მივიდა. სამუშაო საათების დროს გვითხრეს, რომ გივი მოდებაძე ამომრჩეველთან შესახვედრად იყო წასული, რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, ის სამსახურში დაბრუნდა. "მთავარი არხის" კითხვებმა მერი გააღიზიანა.

ჭიათურის ახალი საბაგირო გზები საქართველო-საფრანგეთის ერთობლივი პროექტია, რომლის ბიუჯეტი საწყის ეტაპზე 13,2 მილიონი ევრო იყო. მოგივანებით კი, 10 592 529 ლარი დაემატა. რატომ გაიზარდა პროქტის ბიუჯეტი 10 მილიონ ლარზე მეტით, ამ კთხვაზე პასუხი არავის გაუცა. 

ის რომ სახელმწიფო ვალი, 40 მილიონი უკვე დიდი ხანია გახარჯულია დარწმუნებულია ოპოზიცია. სავარაუდო კორუფციულ სქემაზე საუბრობს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა". მათი თქმით, პროექტი სწორედ, კომპანიისა და მმართველი პარტიის კორუფციული სქემების გამო ჩავარდა, ეჭვს კი ბიძინა ივანიშვილთან დახლოებული კომპანია "დაგის" ჩართულობა ბადებს. 

კორუფციულ გარიგებაზე საუბრობს "ქართული ოცნების" ყოფილი თანაკოალიციელიც, ანი მიროტაძე "მთავარს" უყვება, რომ საბაგიროების რეაბილიტაციაზე დასაქმებულ ადამიანებს, რამდენიმე თვის კუთვნილ ხელფასს კომპანია "დაგი" ვერ უხდიდა, რის გამოც დასაქმებულებმა მასთან განაცხადეს. "ქართული ოცნების" ყოფილი წევრი დარწმუნებულია, რომ აღებული სესხი კორუფციულ სქემას მოხმარდა.

ჭიათურის საჰაერო საბაგირო გზები,ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციის "ევროპა ნოსტრას" სიაში მოხვდა, როგორც განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფი ძეგლი. ამით საერთაშორისო საზოგადოებამ საბაგირო გზების ქსელის გამორჩეული ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა აღიარა.

რა ბედი ეწევა საბაგირო გზებსა და კლდეებს შორის მოქცეულ ქალაქს სავარაუდოდ უკვე გადაწყვეტილია, ჭიათურის მთავარი ტრანსპორტის იერსახე უცვლელია, აქ რეალობა კვლავაც ისეთია, როგორიც პროექტის დაგეგმამდე იყო. 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი