გორის ერთ-ერთ დასახლებაში, სამხედრო აკადემიის მიმდებარედ, სადაც არ არის დენი, გაზი და წყალი, მოსახლეობა უმძიმეს პირობებში ცხოვრობს. ადგილობრივების თქმით, დახმარების თხოვნით მათ გორის მერიას მიმართეს, თუმცა კონსტანტინე თავზარაშვილის უწყებიდან დამცინავი პასუხი მიიღეს.
მოსახლეობა ამბობს, რომ მათთვის უწყლობა მთავარი პრობლემაა, რადგან წყალს კილომეტრებიდან ეზიდებიან, სარწყავის არარსებობის გამო კი მოსავალი ხმება.
ვის აღარ ვთხოვეთ, გამგეობაშიც ვიყავით, თავზარაშვილმა, რომ ვთქვა ახლა, მცხვენია, სანთლების ყიდვას ვეღარ ავუდივარ-მეთქი და ლამპები და ნავთი არ გირჩევნიაო?! - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
სოციალურად დაუცველ ოჯახებს დღეს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ბადრი ბასიშვილი შეხვდა და მერს მოუწოდა ადგილზე ნახოს, თუ რა პირობებში ცხოვრობენ ადამიანები.
მერი უსაქმური, ერთხელაც არ მოსულა ადგილზე და არ უკითხავს, როგორ ცხოვრობენ ეს ოჯახები. სამი წლის მანძილზე ელექტროენერგია არ აქვთ, ბუნებრივი აირი არ აქვთ, რა ხდება ქვეყანაზე, არანაირ ინფორმაციას არ ფლობენ, - თქვა ბადრი ბასიშვილმა.
ადგილობრივი მცხოვრებლები და ოპოზიციის წარმომადგენლები გეგმავენ, რომ თუ მათ მიმართვას შედეგი არ მოჰყვა, მერიასთან აქცია გამართონ.