"კარგად შეასრულეს ხელშეკრულების პირობები" - გორში საჯარო მოხელეებმა საახალწლოდ პრემიები აიღეს

გამოქვეყნდა:

გორის მუნიციპალიტეტში საჯარო მოხელეებმა საახალწლოდ ბიუჯეტიდან დამატებითი თანხები მიიღეს.

"მთავარი არხის" ინფორმაციით, საახალწლო პრემია ჩაერიცხათ როგორც გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ისე მერიისა და მასთან დაქვემდებარებული საბიუჯეტო ორგანიზაციების თანამშრომლებს - საუბარია, დაახლოებით, 2 000-ზე მეტ ადამიანზე.

როგორც ცნობილია, ჯილდოები გაიცა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტოში. გასულ წელს ამ ორგანიზაციის ბუღალტერი საბიუჯეტო თანხების არამიზნობრივი გაფლანგვისთვის დააკავეს.

საახალწლოდ დანამატების აღებას თავად სააგენტოს თანამშრომლები ადასტურებენ.

"კი, ავიღე. საახალწლო ჯილდო გაიცა სააგენტოში, გამომდინარე იქიდან, რომ ბიუჯეტმა მოგვცა საშუალება, რომ ჯილდო ყოფილიყო წლის ბოლოს და გაიცა ყველა თანამშრომელზე. აბსოლუტურად ყველა თანამშრომელმა [აიღო], რადგან ბიუჯეტი იძლეოდა საშუალებას, განაწილდა ყველა, 428 თანამშრომელზე. ეს შეადგენდა ერთი თვის სარგოს 70%-ს", - თქვა კულტურისა და ტურიზმის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლიკა შამუგიამ.

საჯარო მოხელეები ამტკიცებენ, რომ მათ თანხა კარგად შესრულებული სამუშაოსთვის, დადებითი შეფასებების საფუძველზე მიიღეს.

"ჩვენთან მიიღო 18-მა პროფესიულმა საჯარო მოხელემ, თავიანთი თვიური ხელფასის 85% და 5-მა ხელშეკრულებით აყვანილმა პირმა. ყველა საჯარო პროფესიულმა მოხელემ წარმატებით ჩააბარა, მაღალი შეფასება მიიღო და ამის მიხედვით მოხდა მათზე ჯილდოს გაცემა. ასევე ზედმიწევნით კარგად შეასრულეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, ხელშეკრულებით დასაქმებულმა პირებმა და მათ მიიღეს თვიური ხელფასის 70%. წახალისების თანხამ სულ შეადგინა 20 652 ლარი", - თქვა გორის საკრებულოს პარტიის უფროსმა ზაზა ნასყიდაშვილმა.

"მთავარის" ინფორმაციით, გორის მერიაში, საკრებულოში და მათ დაქვემდებარებულ საბიუჯეტო ორგანიზაციებით 3 000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული, მათმა უმრავლესობამ კი საახალწლოდ ჯილდო მიიღო.

ოპოზიცია მძიმე სოციალური პირობების ფონზე ბიუჯეტის არამიზნობრივ ფლანგვაზე საუბრობს. მათი თქმით, საკითხს საკრებულოს სხდომაზე დააყენებენ.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი