საერთაშორისო ორგანიზაცია "ჰიუმან რაითს ვოჩი" (HRW) ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც ადამიანის უფლებების კუთხით ქვეყნებში არსებული ვითარებაა შეფასებული, მათ შორის მოხვდა საქართველოც.
HRW-ს თანახმად, საქართველოში მედიის თავისუფლებამ უკუსვლა განიცადა, მედიის წარმომადგენლებზე მრავალი თავდასხმის ფაქტისა და კირიტიკული ტელევიზიის, "მთავარი არხის" ხელმძღვანელის დაპატიმრების გამო.
"მაისში სასამართლომ ერთ-ერთი წამყვანი კრიტიკული ტელეკომპანიის „მთავარი არხის“ დირექტორს ნიკა გვარამიას სამი წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ის დამნაშავედ იქნა ცნობილი მენეჯერული გადაწყვეტილებების მიღებისას უფლებამოსილების გადამეტებისთვის, როდესაც სხვა კერძო ტელეკომპანიას ხელმძღვანელობდა. ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ მისი მენეჯერული გადაწყვეტილებების შედეგად კომპანიას შემოსავალი შეუმცირდა. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ გადაწყვეტილება მწვავედ გააკრიტიკა და მას უკანონო და პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა. საქართველოს სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ კერძო კომპანიის დირექტორის გადაწყვეტილება, თუნდაც საზიანო იყოს ის კომპანიისთვის, არ შეიძლება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საგნად იქცეს და ხელისუფლებას საქმის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ნოემბერში სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.
გახშირდა ჟურნალისტებზე თავდასხმის და მათ საქმიანობაში ჩარევის შემთხვევები", - წერია ანგარიშში.
გარდა ამისა, ანგარიშში მოხვდა "მთავარი არხის" რეპორტიორზე, ემა გოგოხიაზე და მის ოპერატორზე თავდასხმა. შემთხვევა ზუგდიდში მოხდა, როცა ჩვენი გადამღები ჯგუფი იღებდა მუნიციპალიტეტის თანამშრომლები პოლიტიკური პარტიის ოფისის კედელზე დახატულ უკრაინის დროშას როგორ შლიდნენ.
ანგარიშში მაგალითად მოყვანილია ივნისში "ტვ პირველის" ოპერატორს მურმან ზოიძეზე თავდასხმა ბათუმში, ასევე, ივლისში ამავე ტელევიზიის დამფუძნებლისთვის, ვატო წერეთლისთვის დეპუტატის მხრიდან სავარაუდო ფიზიკური შეურაცხყოფა.
ასევე, მაისში საზოგადოებრივი მაუწყებლების ჟურნალისტების მიერ გაკეთებული განცხადებები, რომლებმაც მენეჯმენტი ცენზურასა და სარედაქციო პოლიტიკაში "უხეშ ჩარევაში" დაადანაშაულეს.
გარდა ამისა, ორგანიზაცია ამბობს, რომ შეშფოთებას იწვევდა სხვა საკითხებიც, მათ შორის სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი დანაშაულების არასათანადო გამოძიება, უკანონო თვალთვალი, შრომის უსამართლო პირობები, ძალადობა ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი და ტრანსგენდერი (ლგბტ) ადამიანების წინააღმდეგ.
იხილეთ ანგარიში სრულად - აქ.