საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ განცხადება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ვირუსი იტალიიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეს დაუფიქსირდა.
ჩვენ ვართ გლობალური სამყაროს ნაწილი და არ უნდა გაგვიკვირდეს, თუ ახალი შემთხვევების რაოდენობა ქვეყანაში გაიზრდება. გუშინ გვიან ღამით დადასტურდა კიდევ ერთი ახალი შემთხვევა კორონავირუსული ინფექციის. წყაროს წარმოადგენს იტალია, ანუ არის ისტორია იტალიაში მოგზაურობის. არის საქართველოს მოქალაქე, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და მასზე მიმდინარეობს მონიტორინგი", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ამირან გამყრელიძის განცხადებით, მიმდინარეობს ამ ეტაპზე იმ კონტაქტების დადგენა, ვისთანაც პაციენტს შეხება ჰქონდა. გამყრელიძის ინფორმაციით, პირველი შემთხვევისგან განსხვავებით, იტალიიდან ჩამოსულს გაცილებით მეტ პირთან ჰქონდა შეხება.
მიმდინარეობს სერიოზული კვლევა ეპიდკონტაქტების, მიმდინარეობს კონტაქტების იდენტიფიცირება", - ამბობს ამირან გამყრელიძე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა, დაინფიცირებულია საქართველოს მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში ირანიდან აზერბაიჯანის გავლით შემოვიდა.