ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველის სახელი - ზელენსკის წერილი

გამოქვეყნდა:

უკრაინის მთავრობისთვის და უკრაინის პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პატივი მივაგოთ უდიდესი ქართველის, ვახტანგ კიკაბიძის ხსოვნას. მინდა დაგარწმუნოთ, რომ უკრაინაში აფასებენ არა მხოლოდ მის ნიჭს, არამედ მის პრინციპულ პოზიციას - ამის შესახებ ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში უკრაინის კულტურის მინისტრმა ბუბა კიკაბიძის სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა. 

ალექსანდრე ტკაჩენკომ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართვა წაიკითხა:

"ვახტანგ კიკაბიძის ნათესავებს, ახლობლებს და თაყვანისმცემლებს, ამ მწუხარების ჟამს გთხოვთ, მიიღოთ ჩემი გულწრფელი სამძიმარი ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო. დიდი ხელოვანის, დიდი ადამიანის, უკრაინის მეგობრის, რომელიც ყოველთვის უკრაინის გვერდით იყო, ლეგენდა, რომელიც ყველასათვის მისაბაძი მაგალითი იყო. 

უკრაინელები მადლობას უხდიან ვახტანგ კიკაბიძეს რუს აგრესორებთან ბრძოლაში მხარდაჭერისთვის. ვახტანგ კიკაბიძის სახელი უკრაინის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც დიდი ქართველის სახელი, რომელმაც თავისი წვლილი შეიტანა უკრაინის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვაში. ჩვენ ყოველთვის გვემახსოვრება და არასდროს დავივიწყებთ ამას. 

გლოვის ნიშნად, თავს ვიხრი სულის უნიკალური სილამაზისა და გამორჩეული ნიჭის მქონე ადამიანის ყველა თაყვანისმცემელთან ერთად. ვახტანგ კიკაბიძის ნათელი ხსოვნა უკრაინელების გულებში სამუდამოდ დარჩება, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი",- წერს ის წერილში. 

შეგახსენებთ, ვახტანგ კიკაბიძე 84 წლის ასაკში, 15 იანვარს გარდაიცვალა. ის იყო კინომსახიობი, მომღერალი, სცენარისტი, კინორეჟისორი და სიმღერების ავტორი. კიკაბიძეს მიღებული აქვს საქართველოს სახალხო არტისტის და უკრაინის დამსახურებული არტისტის წოდება, ასევე, არაერთი სახელმწიფო და საერთაშორისო ჯილდო. 

დაჯილდოებულია ღირსების, ვახტანგ გორგასლის მესამე ხარისხის და წმინდა გიორგის ორდენებით. იყო ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი.  

2008 წლის ომის შემდეგ მან უარი თქვა რუსეთში საქმიანობაზე და მეგობრობის ორდენის მიღებაზე. იყო უკრაინის აქტიური მხარდამჭერი. მისი ბოლო საქველმოქმედო კონცერტიც სწორედ უკრაინაში მიმდინარე ომს მიეძღვნა. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი