საგარეჯოში, შეიარაღებული თავდასხმის ადგილას, საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია, თუმცა სამართალდამცველები კვლავ რჩებიან.
დილიდან კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მიდიან, მიაქვთ ყვავილები, სანთლები და დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებენ.
ამ დროისთვის საგარეჯოს "ჯეო ჰოსპიტალსში" 3 დაჭრილი პაციენტი რჩება. მათგან სტაბილურად მძიმეა 24 წლის ახალგაზრდა კაცის მდგომარეობა, რომელიც რეანიმაციაშია მოთავსებული.
ადგილობრივებს ტრაგიკული შემთხვევისა და გასული ღამის გახსენება უჭირთ.
"პირველის 10 წუთზე უკვე გვამი იყო. რამდენი ვინმე მივიდა მისახმარებლად, ყველა ადგილზე მოკლა. ბავშვები იატაკზე დავაწვინე შეშინებულები. მიცვალებულებიც ვერ გაჰყავდათ. კინოშიც ვერ ნახავდით მსგავს კადრს. ძაღლს ესროლა, ფოთოლი ტოკდებოდა, იმასაც ესროლა. გამარჯობით ვიცნობდი, არავისთან კონფლიქტი არ ჰქონია ჩუმად დაიპარებოდა თავდახრილი",- ყვებიან ადგილობრივები.
შეიარაღებული თავდამსხმელის მეზობელი იხსენებს: "გადავიხედე გარაჟებისკენ. მიცვალებული დავინახე, მაღლიდან დავყურებდი, ვერ წარმოვიდგენდი ამას თუ იარაღი ჰქონდა. ვუთხარი, ნოდარ, მკვდარი არის-მეთქი და ჰო, დიახაც მკვდარი არიო. თვალში მომხვდა, რომ ავტომატი ჰქონდა გადაშვერილი. იქიდან გამორბოდა 2 ბიჭი საშველად და რომელიც კი გაეკარა, ყველა დააწვინა".
კორპუსის კიდევ ერთი მცხოვრები იხსენებს: "შემოვიდა სასწრაფო, ცუდად რომ გახდა იმის მეუღლე გამოვიდა წყალი წყალიო. ამასობაში აქედან ამან ბოთლში ფხვნილივით თეთრი ჩააგდო, კი აფეთქდა. ყველას მოკლავდა, მერე აღარავინ გასულა და ელაგნენ ეს მიცვალებულებები. მერე თავი აიფეთქა ხმაც იყო."
შეგახსენებთ, რომ 20 იანვარს გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. დაჭრილია კიდევ 5 ადამიანი, მათ შორის ერთის მდგომარეობა მძიმეა. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა.