5 მილიონზე ცოტა მეტით ნაყიდი 25 ჰექტარი მიწა ზღვისპირეთში და 150 მილიონიანი ინვესტიციის ვალდებულება. ამ პროექტის ამბავი ამ ერთი წინადადებით ძალიან კარგად გამოითქმება, თუმცა აქ არის ერთი მთავარი მაგრამ. პროექტის განხორციელების ვალდებულებას იღებს 32 წლის ახალგაზრდა, რომელსაც აქამდე არც ბიზნესი ჰქონია და შესაბამისად არც დიდი შემოსავალი. ვიდრე მულტიფუნქციური პროექტის განხორციელების ვალდებულებას აიღებდა, ნიკა ევგენიძე მეტალოპლასტმასის საწარმოში მუშაობდა, არამენეჯერულ პოზიციაზე.
ევგენიძემ ქობულეთში, კაიკაციშვილის ქუჩაზე „სმარტ სითი ქობულეთის“ აშენების უფლება მიიღო. ახალგაზრდა ინვესტორმა კომენტარზე უარი გვითხრა და არც სატელეფონო ზარებს პასუხობს. "ბათუმელებთან" მოკლე კომენტარისას კი მხოლოდ ის თქვა, რომ ეხმარებიან და პროექტის სისრულეში მოყვანაც არ გაუჭირდება.
Smart City Kobuleti კი მასშტაბურია. სასტუმროებით, საცხოვრებელი კორპუსებით, სპორტული ზონებით, სავაჭრო ობიექტებითა თუ კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებებით - მთავარი კითხვაა, ვინ მფარველობს შემოსავლებისა და ბიზნესის არ მქონე ახალგაზრდას აჭარის მთავრობაში.