დაპირებები თბილისელებს, რომელიც დღემდე შეუსრულებელია. ჩვენ რამდენიმეს შეგახსენებთ. ვეფხი და მოყმის ძეგლთან ახალი სატრანსპორტო ესტაკადის მშენებლობა გაურკვეველი ვადით არის გადადებული. დიღმის მიმართულება - მიწისზედა მეტროს მშენებლობა არ დაწყებულა. ლილო-სამგორი-აეროპორტი - ამ მიმართულებითაც მიწისზედა მეტროს მშენებლობა არ მიმდინარეობს. პროექტი 2021 წელს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ ჯერ მხოლოდ ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევაა ჩატარებული. დაპირება იყო მეტროსადგურების: გურამიშვილის, ვარკეთილისა და სადგურის მოედნის რეაბილიტაცია, თუმცა ჯერ აქაც არაფერი ჩანს. მეტიც, ვარკეთილის მეტროს ჭერი, რომელიც 2018 წლის იანვარში ჩამოინგრა, ისევ რეაბილიტაციის გარეშეა დატოვებული.
ყველაზე კომიკურია და სოციალურ ქსელებში სახუმარო თემად გადაიქცა - მეტროსადგური გოცირიძე, რომელიც სულ იხსნება, თუმცა 2 წელიწადნახევარზე მეტია გაჩერებულია.
გაურკვეველია თბილისის საბაგიროების მოწყობის ამბავიც - სამგორი-ვაზისუბნის, ახმეტელი თემქა და სამება-მახათას მთის მიმართულებით. ტრამვაის ხაზის აღდგენის, რომელსაც თბილისელებს ჯერ კიდევ მერი ნარმანია პირდებოდა, პერსპექტივაც კი არსად ჩანს.