24 წლის ბიჭი მართვით სუნთქვაზეა, რეანიმაციულ განყოფილებაში - როგორია საგარეჯოში დაჭრილების მდგომარეობა

გამოქვეყნდა:

ჯეო ჰოსპიტლის საგარეჯოს მრავალპროფილური კლინიკის ექიმის ინფორმაციით, საგარეჯოში დაჭრილი 24 წლის ბიჭის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

რაც შეეხება კლინიკაში მყოფ კიდევ ორი დაჭრილის მდგომარეობას, ექიმის თქმით, ისინი მკურნალობას პალატაში განაგრძობენ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

"ორი პაციენტი, რომელიც პალატაში განაგრძობს მკურნალობას, მათი მდგომარეობა ამ დილისთვის დამაკმაყოფილებელია. ბატონი გიორგი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ის რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობს მკურნალობას. დაზიანებებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით მდგომარეობა დასტაბილურებულია, თუმცა გართულებიდან გამომდინარე, რჩება მეთვალყურეობისა და მკურნალობის ქვეშ მართვით სუნთქვაზე რეანიმაციულ განყოფილებაში. ორი პაციენტის მდგომარეობა, რომელიც პალატაშია მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, ბატონი გიორგის მდგომარეობა მძიმეა და არ შემიძლია პროგნოზების წინასწარ გაკეთება", - თქვა მამუკა ოთიაშვილმა.

შეგახსენებთ, 20 იანვარს გვიან ღამით საგარეჯოში, შეიარაღებულმა პირმა, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან მოქალაქეებს ავტომატით ცეცხლი გაუხსნა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის ერთი პოლიციელი. არსებული ცნობით, თავდამსხმელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ის სპეცრაზმს ბინაში უკვე გარდაცვლილი დახვდა. მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით,  დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს. მოტივთან დაკავშირებით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი