ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებულ განყოფილებაში მოთავსებული პაციენტები მძიმე პირობებში გადიან დაკვირვებას.
იზოლაციაში მყოფმა ადამიანებმა „მთავარ არხს“ მოაწოდეს ფოტოები, სადაც კარგად ჩანს, რომ კლინიკა ინფექციური პაციენტების დასახვედრად მზად ამ დრომდე არ არის. პალატებში ანტისანიტარიაა და არასრულყოფილი სამედიცინო მომსახურება.
"მთავარს" ასევე დაუკავშირდა ბოქსირებულ განყოფილებაში მყოფი პაციენტის ახლობელი და განახადა, რომ მძიმე მდგომარეობაა საავადმყოფოში. მისი ინფორმაციით, თერმომეტრის საკმარისი რაოდენობა არ არის საავდმყოფოში და ასევე, დილის შემდეგ იქ მიყვანილებისთვის ტემპერატურა არ გადაუმოწმებიათ.
თუმცა, დღეს ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე ამტკიცებდა, რომ საგანგაშო მდგომარეობა არ არის და საკმარისი ადგილებია პაციენტებისთვის. ამას გარდა, ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, საკარანტინო ადგილების რაოდენობა შესაძლოა გაიზარდოს. ამის საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც იტალიიდან საქართველოში მოქალაქეები ბრუნდებიან.
თამარ გაბუნიას განცხადებით, ასევე განიხილება თვითიზოლაციის საკითხი. ამ გზას უწყება იმ შემთხვევაში მიმართავს, თუ პაციენტს არ აქვს ჩივილი ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, თუმცა, შესაძლოა კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა.