ბიუჯეტიდან დახარჯული მილიონობით ლარის მიუხედავად ქედის მუნიციპალიტეტის სოფლებს სასმელი წყალი არ აქვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ წყალი ონკანში იშვიათად მოდის და ისიც უვარგისი.
გულების, ზესოფელის, ხუნდაკას, ხარაულასა და ჯალაბაშვილების მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ სასმელი წყლის სისტემის მოსაწყობად და გასამართავად გამოყოფილი მილიონები გაიფლანგა.
ქედის მუნიციპალიტეტის 5 სოფლისთვის წყლის მისაწოდებლად ტენდერები 2016 წელს რამდენჯერმე გამოცხადდა, ხარაულასა და ჯალაბაშვილების წყლის სისტემის მოსაწესრიგებლად ბიუჯეტიდან 900 ათას ლარამდე გამოიყო, ხოლო გულების, ზესოფელისა და ხუნდაკას წყალსადენის პროექტი ქედის ბიუჯეტს 600 ათას ლარამდე დაუჯდა. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ადგილობრივმა ხელისუფლებამ კორუფციული გარიგებები დადო.
ეს ერთადერთი დაუსრულებელი პროექტი და გაფლანგული თანხა არ არის. მახუნცეთის ჩანჩქერთან რომელიც რეგიონში ტურისტულად ერთ-ერთი ყველა მიმზიდველი ადგილია, ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის 2017 წელს 200 ათასი ლარი გამოიყო, აქვე უნდა აშენებულიყო საზაფხულო ამფითეატრი, სადაც დამსვენებლისთვის კონცერტები უნდა გამართულიყო. მშენებლობა დაიწყო, თეატრი სანახევროდ აშენდა, თუმცა ფუნქციონირება დაუსრულებელი სამუშაოების გამო ვერ შეძლო.
მოსახლეობა ადგილობრივ ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. ოპოზიციაში კი აცხადებენ, რომ "ქართული ოცნება" რეგიონში დანიშნულ პირველ პირებს მოსახლეობის კუთვნილი თანხების მითვისებაში ხელს არ უშლის, რადგან კორუფციაში თავადაც ჩართულია. ქედის მუნიციპალიტეტის პირველი პირები კი ოპოზიციის ბრალდებებს არ პასუხობენ და მათ პერფორმანსების მოწყობაში ადანაშაულებენ.