ჩეხეთში დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება აშშ-ში ჟურნალისტის შეკვეთილი მკვლელობის მცდელობა

გამოქვეყნდა:

ჩეხეთის პოლიციის ინფორმაციით, ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროს ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ცენტრის თანამშრომლებმა, სპეცოპერაციის შედეგად, საქართველოს მოქალაქე დააკავეს. სპეცოპერაცია იანვრის დასაწყისში ჩატარდა.

ჩეხეთის პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს მოქალაქე ე.წ. კანონიერი ქურდია, რომელიც აშშ-ის მიერ გაცემული საერთაშორისო ორდერის საფუძველზე, ამერიკის ტერიტორიაზე ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის დააკავეს. უწყება დაკავებულის ვინაობას არ ასახელებს.

"რადიო თავისუფლება" წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქე პოლად ომაროვია, რომელიც მის დაცვის უფროსთან, ასევე საქართველოს მოქალაქესთან ერთად, ჩეხეთში, ერთ-ერთ კონსპირაციულ ბინაში აიყვანეს. მედია ასევე წერს, რომ ომაროვი არაერთი ქვეყნის, მათ შორის აშშ-ის მიერ წითელი ცირკულარით იძებნებოდა.

ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის ინფორმაციით, ომაროვი თეირანის მიერ მხარდაჭერილ მკვლელობის მცდელობასა და ფულის გათეთრებაშია ბრალდებული.

საუბარია ამერიკის მოქალაქის, ჟურნალისტის მკვლელობის მცდელობაზე, ასევე ფულის გათეთრების ბრალდებაზე. ომაროვთან ერთად, ამავე ბრალდებით, კიდევ ორი პირი, რაფატ ამიროვი და ხალიდ მეჰდიევი დააკავეს. სამივე მათგანი აღმოსავლეთ ევროპაში მოქმედი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრია.

იუსტიციის დეპარტამენტის განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ 4 იანვარს ჩეხეთში დაკავებული ომაროვის ექსტრადიციას მოითხოვს.

დეპარტამენტს განცხადებაში არ აქვს მითითებული, ვის მკვლელობას გეგმავდნენ ბრალდებულები, თუმცა მედია წერს, რომ საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული მეჰდიევი, გასულ წელს, ჟურნალისტ მასიჰ ალიენეჯადის სახლის წინ იარაღის ტარების გამო დააკავეს. ალიენეჯადი ირანის მთავრობის კრიტიკოსია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი